Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს განაცდურის გადახდას და სხვა თანამდებობას სთავაზობს

28 თებერვალი, 2019 19:23

იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ:

განცხადების მიხედვით, სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, თამაზ ახობაძეს ჩაურიცხოს თანხა, რაც მას სასამართლომ დააკისრა, ასევე დანიშნოს ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერად.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ახობაძე მეორე დღეა შიმშილობს.

თამაზ ახობაძე, ანა სუბელიანთან ერთად დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მათი თქმით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო და სასამართლოში იჩივლეს. ახობაძემ და სუბელიანმა საქმე მოიგეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, უზენაესმა სასამართლომ კი იუსტიციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და უწყებას გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის განაცდურის სრულად ანაზღაურება და  სამსახურში აღდგენა დაავალა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ისინი სამსახურში არ აღადგინა. მოგვიანებით უწყებამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ საბაბით, რომ პოზიციაზე, რომელსაც ახობაძე იკავებდა, სხვა პირი დანიშნეს, ის კი საქმის განხილვაში ჩართული უნდა ყოფილიყო. ამის მიუხედავად, 2018 წლის 23 ივლისს თამაზ ახობაძემ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში სამინისტროს დავა კიდევ ერთხელ მოუგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დანაშაულის პრევენციის ცენტრს ახობაძე სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენია. 

დღევანდელი განცხადების შემდეგ, ახობაძე ამბობს, რომ ოფიციალურ ბრძანებას რომ ნახავს, გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს. 

გთავაზობთ სამინისტროს განცხადების სრულ ტექსტს.

"2019 წლის 27 თებერვალს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომელს ბატონ თამაზ ახობაძეს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და, როგორც ყველა წინა მსგავსი შეხვედრა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინტერესებულ პირთან ყოფილა გამართული, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრაზე თამაზ ახობაძეს მორიგჯერ აუხსნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად (დავა თამაზ ახობაძესა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება/მედიაციის პროგრამების მენეჯერს მ.ბ.-ს შორის), თამაზ ახობაძის სასარგებლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება (2017 წლის 9 მარტი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, შრომითი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თ. ახობაძეს შორის) არ წარმოადგენდა თამაზ ახობაძისათვის სასურველ თანამდებობაზე მომუშავე პირის (ამ შემთხვევაში მ.ბ.-ს) გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ ამ განმარტებას (იხ. პუნქტი 44) მორიგჯერ არ დაეთანხმა თამაზ ახობაძე და კვლავ მოითხოვა განრიდება/მედიაციის მენეჯერად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე უკვე მესამე წელია, რაც მუშაობს მ.ბ.

იმავე შეხვედრაზე, საკითხი შეეხო განაცდურის ანაზღაურების საკითხს. თამაზ ახობაძეს განემარტა, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არავითარი წინაღობა არ არსებობდა, რაზეც თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხის ოდენობაზე ითხოვდა თანხის დამატებას („რაიმე მცირედი/სიმბოლური მაინც“) ან წერილობითი სახით ბოდიშის მოხდას. მას განემარტა, რომ ამგვარ დამატებით ზომებს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო თვლიან, რომ ამოწურულია ყოველგვარი რესურსი დაინტერესებულ პირთან რაიმე ტიპის სამართლებრივი თუ სხვა გონივრული დისკუსიისა. ამას ემატება ისიც, რომ თამაზ ახობაძის, ისედაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი პირის, ინსტრუმენტალიზაციის რეალური საფრთხე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან.

შესაბამისად,

- მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;

- მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი), დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი.

ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან არ არსებობს არავითარი რესურსი დისკუსიისა, არ იქნება დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილი თანხმობა მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით.

თავის მხრივ, დანაშაულის პრევენციის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, თამაზ ახობაძე გამოიჩენს კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი და არ იქნება მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისათვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^