
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო „შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის" განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. ინფორმაციას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს. სადავო მასალა, რომელიც ეძღვნებოდა ქალის სასქესო ორგანოს აგებულებას და სექსუალური განათლების თემატიკას, 2019 წლის 17 თებერვალს გადაცემა „კურიერი P.S-ს" ეთერში გავიდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ბავშვთა უფლებები და მსგავსი სიუჟეტები ბავშვთა ფსიქიკაზე მავნე გავლენას ახდენს, შესაბამისად აცხადებს, რომ „რუსთავი 2-მა" და მისმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 პრინციპი (ბავშვის ინტერესი) დაარღვიეს.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და დაადგენს მართლაც დაირღვა თუ არა სადავო სიუჟეტში ეთიკური სტანდარტები.