პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტარები „ბავშვის უფლებათა კოდექსს” განიხილავენ. კოდექსი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა. გაერთიანებული კომიტეტის სხდომას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც ესწრებიან, ასევე – კობა დავითაშვილი, ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე. ისინი ბავშვთა კოდექსის ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან.
როგორც კობა დავითაშვილმა განხილვისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დასჯის მომხრე არაა, ის მაინც ფართო ტერმინია და არ შეიძლება, მაგალითად, ბავშვისთვის ყურის აწევა ამ აკრძალვაში შევიდეს.
მან კოდექსიდან ის მუხლი წაიკითხა, სადაც საუბარია, რომ აკრძალულია ფიზიკური დასჯა. კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით, ალტერნატიული ზრუნვის განხორციელებისას აკრძალულია ბავშვის მიმართ ისეთი დისციპლინური ზომებისა და ქცევების მართვის მეთოდების გამოყენება, რაც მოიცავს ბავშვის ფიზიკურ დასჯას, სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, მათ შორის ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებას, მშობელთან ან სხვა ოჯახის წევრებთან ან გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდვას ან სხვა სახის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას.
„მაპატიეთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები ასეთ ფორმულირებას. ეს ფორმულირება გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური. ასე არ არის, ფიზიკური დასჯა არის ყურის აწევაც, ნუ არსებობს ასეთით, ბავშვი რაღაცას აშავებს და მას ყურს უწევენ. ფიზიკური დასჯაა ეს, მაგრამ სასტიკი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა, მამამ რომ შვილის ყური აუწიოს? ან დედამ? არ უნდა აუწიოს? მე შევიკავებდი თავს მაგრამ მივანდოთ ეს ჩვენს შინაგან კულტურას, აღზრდას და სახელმწიფო ნუ ჩაერევა," - განაცხადა კობა დავითაშვილმა.