დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მთავარი მამოძრავებელი პრინციპი არის სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარება და გაძლიერება.
„მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში. ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, - შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება.
ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.