პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებელია დიასპორის ჩართულობის გამყარება. დიასპორას პარლამენტში უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასევე, სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, სტუდენტების სახით საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიდი ადამიანური კაპიტალი ჰყავს.
„ ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ, ერთი მხრივ, შევუქმნათ სამშობლოში დაბრუნების ღირსეული პირობები, მეორე მხრივ კი, წასვლამდე მივაწოდოთ წინასწარი ინფორმაცია სამომავლოდ ქვეყანაში მოთხოვნადი სპეციალობების შესახებ, რათა არსებულ ბაზარზე ააწყონ თავიანთი პროფესიული გეგმები.“
ამ თემაზე საუბრისას პრეზიდენტმა რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა.
"დიასპორის ჩართულობის გამყარება. აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე.
ასევე, სასურველია ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული „ემიგრანტის სახლის“ დაარსება, რათა ჩამოსული თანამემამულეებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა საჭირო ინფორმაცია.“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.