დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში მოუსმინეს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას „უმუშევრობა, უსახლკარობა, დაავადებების სიხშირე, სოციალური დაუცველობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არაინკლუზიური მიდგომები“ დღევანდელ მთავარ, სტრატეგიულ გამოწვევად დაასახელა.
მისი თქმით, პრიორიტეტულია ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვებისთვის საქართველოში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა.
„ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის აქ, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობის გაჩენა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება, თუნდაც, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. არსებობს პედიატრიული ონკოლოგიის არამომგებიანი ცენტრის მონახაზი, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას. მარიამ ჯაშთან ერთად ვაპირებთ ამ პროექტის პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარდგენას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე, პრიორიტეტულია სოციალური სახლების მშენებლობა და ამ მხრივ ბევრი ქვეყნის პრაქტიკის გაზიარება შესაძლებელი.