ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, თიბისი ბანკის საქმეზე მოწმის სახით ჩვენებას პროკურატურის ნაცვლად სასამართლოში მისცემს. ქადაგიძის თქმით, მისი მცირე პოლიტიკური ჟესტი იქნება ისიც, რომ ჩვენებას ადვოკატების გარეშე მისცემს. ხოლო თავად საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უჭერს მხარს.
„მივიღე უწყება თიბისის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება.
აქვე ვიტყვი რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას.
სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე“, - წერს გიორგი ქადაგიძე Facebook-ზე.
გიორგი ქადაგიძეს მთავარი პროკურატურა გამოკითხვაზე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით იბარებს. „ლიბერალს“ პროკურატურაში უთხრეს, რომ ქადაგიძემ მთავარ პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა. ამიტომ უწყება შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.