ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე ოპერაციების საკითხს გასცდა.
„2008 წლის 2 სექტემბერს მერწმუნეთ, კონკრეტული ბანკის კონკრეტული შემოწმების აქტში, კონკრეტულად რა წერია, და მით უმეტეს, რომელსაც მე გავეცანი, რისი შესაძლებლობაც მქონდა სასამართლოს პროცესის დროს, იქ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ დავინახე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებას მიეწოდება ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია ამ ტრანზაქციებთან დაკავშრებით, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური საჯაროობა.
„საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა“,- აღნიაშნა ქადაგიძემ.
მისი თქმით, გამოკითხვამ დაადასტურა რომ, რეგულატორთან კითხვები არ არსებობს და აღნიშნა, რომ არც ერთი კითხვა არ დასმულა უშუალოდ ტრანზაქციაზე, რომელზეც არის დაწყებული გამოძება.
„დღევანდელმა გამოკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს, ძირითადად შეკითხვები ეხებოდა ზედამხედველობის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობებს“, - თქვა ქადაგიძემ.
მანვე, აღნიშნა, რომ თუ პროკურატურა სერიოზული მტკიცებულებებს არ წარადგენს, აღნიშნულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნების დანახვა რთული იქნება.
„როგორც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი პროკურატურის სამსახურიდან, ამ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნები ძალიან რთულად დასანახია“, - თქვა ქადაგიძემ.