
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ქართული ანდაზა - „ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო" ამოტვიფრეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში - ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.
ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.