ვენესუელის ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა. დემონსტრანტებმა ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შეკრება ცოტა ხნის წინ დაიწყეს, თუმცა პოლიციამ გადაკეტა ის გზები სადაც აქციის მონაწილეებს მსვლელობა უნდა გაემართათ. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციის პარალელურად ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მოწოდებით მთავრობის მხარდამჭერები კონტრაქციას მართავენ.
ნიკოლას მადურო ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს აშშ-თან ერთად გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აშშ არის დამნაშავე ქვეყანაში ელექტროენერგიის კრიზისშიც. ვენესუელის დიდ ნაწილს ორი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის გამო ერთ-ერთ საავადმყოფოში 25 წლის პაციენტიც გარდაიცვალა.
მთავრობისადმი უარყოფითად განწყობილი მოქალაქეები კი ელექტროენერგიის გათიშვას ხელისუფლებას აბრალებენ, რადგან მათი თქმით, ნაციონალიზაციის შემდეგ ელექტროსისტემა სულ უფრო უარესდება. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო ქვეყნის მოსახლეობა ხშირად დენს ისედაც გრაფიკით იღებდა.