ავტორი: ია მეურმიშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სპორტული შეჯიბრებები 7 ქვეყნის წარმომადგენელ, დაახლოებით, 200 მონაწილეს შორის სპორტის 8 სახეობაში გაიმართა. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.
ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს - აქედან 20 ოქრო (ამაში შედის გუნდური ოქროს მედალი კალათბურთში, რომელიც გუნდის 9-ვე წევრს გადაეცა), 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთში, ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, მათ იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში.
დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ამ ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.
ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:
ჯონი თოფურია - 5 ოქრო
რეზო გორგაძე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
ახმედ საფაროვი - 3 ოქრო, 1 ბრინჯაო
ალუდა სეთურიძე - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო
ალიკა გითოლენდია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გოგიტა ხოზრევანიძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
დავით ნარეშელაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
გრიგოლ მინაგორაშვილი - 1 ოქრო
გუგა ჩიმახიძე - 1 ოქრო
ჯიმშერ ჩხენკელი - 1 ოქრო
არჩილ აბულაძე - 1 ოქრო
ლაშა სურმანიძე - 3 ვერცხლი
„ამერიკის ხმის" მასალა