„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თავის თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რეალურად კი ეს წოდება და ტიტული მას არ ეკუთვნის“, - ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობისთვის“ უჩივიან.
თბილისის საქალაქო სასამართლო დავას კოლეგიური - სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
„ლიბერალთან“ საუბრისას ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი, ლევან გორელაშვილი, საქმის დეტალებზე საუბრობს.
მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აქვს ვებგვერდი - royal house of georgia, სადაც საკუთარ თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს. ამ სახელით ეცნობა ნებისმიერს, „საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სამეფო სახლის სახელით მართავს რაღაც შეხვედრებს“.
„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამბობს, რომ მისი წინაპრები იყვნენ საქართველოს მეფეები. ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, მეფეებს შორის ამოიკითხავთ ისეთი მეფეების სახელებს, რომლებიც არცერთმა ისტორიკოსმა არ იცის. მაგ: ალექსანდრე მეექვსე, ერაკლე მეორე. გაგიგიათ საქარველოს ასეთი მეფე? მაგრამ ვიცით ერეკლე მეორე. საკითხში ჩაუხედავი ადამიანი წაიკითხავს და იფიქრებს, რომ მართლწერაშია შეცდომა და ის ერეკლე მეორის შთამომავალია. არადა, რეალურად ერეკლეს შტო საერთოდ სხვა შტოა და ბაგრატიონ-მუხრანელების შტო - საერთოდ სხვა. თავადაც არ ამბობს, რომ ერეკლე მეორის შთამომავალია. უბრალოდ ასეთი მანილუპაციებით ცდილობს, თავისი სახელის გარშემო რაღაც სტატუსის შექმნას.
ჩვენ დავასურათეთ მის ვებგვერდზე არსებული მდგომარეობა და ალექსანდრე მეექვსეს, რომელსაც საქარველოს მეფედ მოიხსენიებს, აკაკი წერეთლის ფოტო ედო“, - ამბობს ადოკატი ლევან გორელაშვილი.
ადვოკატი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ სამეფო სახლის სახელით ორდენების გადაცემაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სამეფო სახლის ორდენს ფულის სანაცვლოდ სთავაზობს ნებისმერს, ვისაც ამის სურვილი აქვს.
„2017 მარტში მან გაერთიანებული სამეფოს კარზე რაღაცა დონეზე შეხვედრა მოახერხა და საქართველოს სამეფო სახლის სახელით გადასცა ორდენი. რაც ნიშნავს რაღაც ჯილდოს, რომელიც გადაიცემა კონკრეტული დამსახურებისთვის. შემდგომ მას ამავე დღეს უკავშირდება „დეილი მეილის" ჟურნალისტი და სთხოვს დავითს, რომ ის ორდენი, რომელიც დედოფალს გაუგზავნა, სურვილი აქვს, რომ, როგორც ადგილობრივ ბიზნესმენს, მასაც ჰქონდეს. დავითმა კი დაუსახელა კონკრეტული თანხა (3 000 ფუნტი), რის სანაცვლოდაც ის მზად იყო, მისთვის ეს ორდენი გადაეცა.
ასეთი მიდგომა დიდ ჩრდილს აყენებს საქართველოს სამეფო სახლს. ვინაიდან ორდენების გადაცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოების წინაშე ვიღაცა თავს გამოიჩენს ქველმოქმედებით ან მეცნიერების დაფინასებით და ა.შ. ეს არ ხდება რაღაც თანხის გადახდის სანაცვლოდ... ბუნებრივია, ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი, რომელიც ნამდვილ სამეფო ოჯახთან ერთად მასაც ადგება“, - ამბობს ლევან გორელაშივლი.
ადვოკატის თქმით, როცა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამას აკეთებს საქართველოს სამეფო სახლის სახელით, მინიმუმ რაღაცა დონეზე ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს, რომ მან ეს სახელი გამოიყენოს, „თორემ, თავისი სახელით რაც უნდა, ის დააწესოს და გადასცეს“.
სამოქალაქო დავაზე შემდეგი სხდომა ხვალ, 12 მარტს გაიმართება, სადაც სპეციალისტების სტატუსით გამოიკითხებიან ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები, როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური.
ადვოკატი ამბობს, რომ ამ დავის ფარგლებში სასამართლოს მოუწევს, შევიდეს სიღრმეებში და შეაფასოს, რეალურად ბაგრატიონების რომელი შტოების წარმომადგენელია მოსარჩელე და მოპასუხე მხარე. მისი თქმით, თუ ეს საკითხი არ გაირკვა, ძნელი იქნება იმის დადგენა, ვის რაზე აქვს ლეგიტიმაცია.
გორელაშვილის თქმით, მოწინააღმდეგე მხარესაც შესთავაზეს, სასამართლოში გამოეკითხათ მათთვის ცნობილი ისეთი ისტორიკოსი, რომელიც ისტორიულ მოვლენებზე დაყრდნობით დაასაბუთებდა იმას, რომ საქართველოს ისტორიაში მუხრანელების შტოს წინაპარი მეფობდა.
„ლიბერალი“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს ლევან ჩხეიძესთან დაკავშირებას ცდილობს. მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
როგორც ის ტელეარხებთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, მოპასუხე მხარე მოუწოდებს მოსარჩელეს, „შეწყვიტოს აბსურდული დავა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო არ აღიარებს არისტოკრატიულ და მათ შორის სამეფო ტიტულებს, ვინაიდან საქართველო არის რესპუბლიკა“.
მისი თქმით, სავალდებულო რომ არ ყოფილიყო, მოპასუხე მხარე „ამ ტაკიმასხარეობაში მონაწილეობას არ მიიღებდა“.
„ის, რომ მე ვარ სამეფო ოჯახი და მაღიარეთ სამეფო ოჯახად და აუკრძალეთ სხვას სამეფო ოჯახის სახელის გამოყენება, ეს არის აბსურდული", - ამბობს ლევან ჩხეიძე.
მისი თქმით, საჩივარი არ არის გათვლილი შედეგზე და ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებს სურთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსგან რაიმე ფორმით მიიღონ აღიარება, რომ რაღაც ფორმით კავშირში არიან საქართველოს სამეფო დინასტიასთან.
„ჩვენმა მხარემ შევთავაზეთ, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ჩაეტარებინა დნმ-კვლევა, დაედასტურებინა, რომ ის ნამდვილად არის ბაგრატიონი, რაზეც მათ უარი განაცხადეს. რაც კიდევ ერთხელ ამძაფრებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს თვითმარქვიებთან და არა ბაგრატიონებთან“, - ამბობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე.