იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, სასამართლოში კლანს ძალაუფლებას უნარჩუნებს როგორც კობახიძის, ისე ბესელიას ინიციატივები. „ჩვენს წინაშეა „ოცნება 1-სა“ და „ოცნება 2-ის“ განცხადებები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
„ორივე ინიციატივით კლანი 10 წევრით ასახელებს სიას და ამ სიასთან დაკავშირებით ხდება შემდეგ კანდიდატების განხილვა პარლამენტში. ამიტომ, არც ერთი ეს ინიციატივა არ წარმოადგენს რამე რადიკალურ ცვლილებას იმ სამწუხარო რეალობიდან, რომ სასამართლო ხელისუფლებაში გვაქვს დამოუკიდებელი, სუფთა, კლანისგან გათავისუფლებული პირების დანაკლისი“, - თქვა დოლიძემ ჟურნალისტებთან.
ანა დოლიძის თქმით, ორივე კანონპროექტს აქვს პროგრესული ცვლილებებიც, რაც მისი აზრით ნაზი ჯანეზაშვილისა და მისი ინიციატივიდან აიღეს. თუმცა, ორივე პროექტში სიის შესადგენად საკმარისია 10 ხმა, რაც „მოსამართლეთა კლანს“ სასუალებას მისცემს გიაყვანოს თავისი კანდიდატები და პარლამენტმა მხოლოდ მათზე იმსჯელოს. ეს კი დღევანდელი მძიმე რეალობის გაგრძელება იქნება.
„ორივე კანონპროექტი იტოვებს გზას, წარიმართოს მოლაპარაკებები კლანთან, 10 ხმასთან, რომელიც არის საბჭოში, რომ სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომელიც მისაღები იქნება „ოცნება ერთისთვის“ ან „ოცნება ორისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის კომენტარს გამოეხმაურა ერთ-ერთი კანონპროექტის ავტორი ეკა ბესელია. დეპუტატის თქმით, ის ემხრობა, რომ იყოს ე.წ. „გრძელი სია“, რომ პარლამენტს არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„იუსტიციის საბჭომ არასასურველი კანდიდატები ვერ უნდა დაბლოკოს, პარლამენტმა ყველა კანდიდატი ნახოს, ვინც კი შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და უნდა გადაწყვიტოს, ვის აირჩევს. კვორუმი შემოგვაქვს, როგორც ახალი, დამატებითი კრიტერიუმი, რათა არამოსამართლე წევრების ხმები იყოს გათვალისწინებული. ამით ინტერესთა კონფლიქტს გამოვრიცხავთ.
ვისაც კანონპროექტი ჯერ არ წაუკითხავს, ვურჩევ, წაიკითხოს, მათ შორის, არამოსამართლე წევრებს. ანა დოლიძის კომენტარი ვნახე, რომელსაც აბსოლუტურად არასწორი შეფასება ჰქონდა. მას ეს პროექტი ჯერ არ უნახავს და უმჯობესია, ჯერ წაიკითხოს და შემდეგ შეაფასოს, რადგან ერთობლივად არის შემუშავებული როგორც ადგილობრივი იურისტების, ასევე საერთაშორისო პატრნიორების მხრიდან. მ
ხარს არც კობახიძისა და ჩინჩალაძის პროექტს დავუჭერთ და არც სააკაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს. ჩვენი ინიციატივა არის პროგრესული და ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოს მაღალი კვალიფიკაციისა და სანდო მოსამართლე ჰყავდეს“, - განაცხადა ბესელიამ პირველ არხთან.