„უფლება არ გვაქვს, შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს“, - განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საია-ს მიერ წარმოდგენილი კვლევის პასუხად.
„ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ, რადგან ასეთი პოლიტიკური ეჭვი ვრცელდება ხოლმე, მე თვითონ პარლამენტში ვიზიტის დროს დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, დეპუტატებმა იმსჯელონ, რომ საარჩევნო პერიოდში ასეთი ინსპექტირება არ განხორციელდეს, თუმცა ამას არ მივესალმები. ნებისმიერი განცხადების თაობაზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება. უფლება არ გვაქვს, შევხედოთ უამინდობას ან პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, გავაკეთოთ შესაბამისი რეაგირება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ საარჩევნო პერიოდში მოხსნილი იყოს ეს ინსპექტირება", - განაცხადა ბატიაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებულ ინსპექტირებებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. საია-ში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით იყენებდნენ.
საია-ს ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ დარეგისტრირდა 288 განცხადება, რომელთაგანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 7 ინსპექტირების შემთხვევიდან 6 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა.
საია-ს ცნობით, ეჭვს აჩენს წუთებში ჩატეული ფორმალური წარმოებაც, უფრო კონკრეტულად კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია, რომელთაგან 3-ზე(მათ შორის, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების გადაწყვეტილება.
2018 წელს ინსპექტირება ჩატარდა 7 სკოლაში, 6 სკოლაში არჩევნების მეორე ტურამდე - საია