
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ის ჯერჯერობით რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს მუშაობას, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელზეც მას მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს და ამის გამო, შესაძლოა, თანამდებობაც დატოვოს.
„არის 4-5 დღის წინ გაჩენილი თემა, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლება-მოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია. მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე რეფორმას და არც პარლამენტში მიმდინარე რომელიმე პროცესს ეხება.
ეს არის საკითხი, რომელიც, მე მივიჩნევ, რომ არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული და იქნება ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გავიწევი გვერდზე, იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა“, - განაცხადა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი არ ამბობს, კონკრეტულად, რა საკითხია, მაგრამ, მისი თქმით, ეს არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს თემა და არ ეხება მოსამართლეთა შერჩევის საკითხს.
„არ ხდება რაიმე ტრაგიკული. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ ვნახე, რომ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი, რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლება-მოვალეობას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის, მიმდინარეობს დისკუსია იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ჩემი პოზიცია სწორი“, - თქვა თეა წულუკიანმა.