საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ყველა სახის ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ გალში საქართველოს მოქალაქის თვთმკვლელობის გამომწვევი გარემოებები დეტალურად დადგინდეს და ამის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა ამომწურავად იყოს ინფორმირებული.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით გუშინ შემოვიდა ინფორმაცია ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, არსებული მექანიზმების გამოყენებით.
ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის გაერო-ს, ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ საქმის კურსში ჩააყენონ პარტნიორი ქვეყანები და გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.
„მე მექნება ასევე კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა ისინიც იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებული მომხდარი ფაქტის შესახებ. ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათ შორის სამართალდამცავებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება“, - თქვა დავით ზალკალიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული გალის რაიონში 1990 წელს დაბადებულმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული, თავი მოიკლა.