სუს-ის ინფორმაციით, ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი, საქართველოს მოქალაქეები: გოჩა გ. და რომან ქ. ქობულეთში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები ბირთვული მასალა „ურანის" გასხვისებას 2 800 000 აშშ დოლარად აპირებდნენ. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ საგანზე ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, მისი წონაა 40,19 გრამი და შეიცავს რადიოაქტიურ იზოტოპს „ურან-238-ს", რომელიც მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას. ამოღებული ნივთიერება საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).