Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია-ს კვლევა: თბილისის განვითარების ფონდი გაუმჭვირვალე და არაანგარიშვალდებულია

14 მარტი, 2019 17:42

„თბილისის განვითარების ფონდის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და თბილისის განვითარების ფონდის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

როგორ მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია - კვლევა

საია ანგარიშში წერს, რომ საქართველოში სულ 7552 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათი თითქმის მეოთხედი კი თბილისშია თავმოყრილი. დედაქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა თბილისის განვითარების ფონდს აბარია. კვლევის საფუძველი კი, როგორც საია წერს, გახდა ის არაერთი დარღვევის ფაქტი, რომელიც ფონდის საქმიანობაში გამოვლინდა.

საია ცდილობს, „პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს: რას და როგორ საქმიანობს ფონდი რეალურად, რა თანხა იხარჯება მისი ადმინისტრაციული აპარატის შესანახად, როგორია მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები“.

როგორც საია წერს, კვლევის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფაქტები და დარღვევები, როგორც ინსტიტუციურ და გამჭვირვალობის ნაწილში, ისე ფინანსური კუთხით.

ანგარიშის მიხედვით, დაფუძნების დღიდან, ჯამში, თბილისის განვითარების ფონდმა დამფუძნებლისგან 370 278 546 ლარი მიიღო და განკარგა. ამასთან, აღმოჩნდა, რომ თბილისის განვითარების ფონდმა მთლიანი შესყიდვების 75% გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელა.

„საინტერესოა, რომ მერიის ბიუჯეტის შესრულების 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, ფონდში გადარიცხულმა თანხამ ჯამში 158 704 700 ლარს მიაღწია, ხოლო მერიისვე მოწოდებული ინფორმაციით, ეს თანხა, ფაქტობრივად, 2-ჯერ ნაკლებია.

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, როგორც საია წერს, ფონდის ქონება 13 მილიონზე მეტია, 2015 წლიდან 2018 წლამდე კი თითქმის 7 მილიონი თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დაიხარჯა.

„2011 წლის ხელშეკრულებაში, რომლის საგნად იმ დროისთვის განსაზღვრული იყო თბილისის ზღვის რეკრეაციული ზონის და სანაპირო ზოლის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობის სამუშაოები, 2016 წელს ფონდმა ხელშეკრულების საგანში ისე დაამატა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც დამატებით მიუმართავს შესყიდვების სააგენტოსთვის გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად ნებართვის გაცემის თაობაზე“, - წერს NGO.

ანგარიშის მიხედვით, კითხვას აჩენს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე 2015-2018 წლებში ფონდის მიერ დახარჯული 2 მილიონ ლარზე მეტიც. რადგან წყლის მომწოდებელ კომპანიას 2008 წლის ხელშეკრულებით, მის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა თავადვე ევალება.

„მიუხედავად იმისა, რომ ფონდი საკმაოდ დიდ საბიუჯეტო თანხებს განკარგავს და ამასთან, მისი დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება.

ფონდის არსებობის მანძილზე მერიას მხოლოდ ერთხელ აქვს ჩატარებული ფონდის საწყობში არსებული მარაგების არაგეგმიური შიდა აუდიტი და მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა, მას შემდეგ შემოწმება აღარ ჩაუტარებია“, - ნათქვამია საია-ს ანგარიშში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კრიტიკულად აფასებს თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშვადლებულებასაც.

საია წერს, რომ კვლევის მიხედვით ჩანს, ფონდს მისი ძველი და ახალი წესდებაც შესაძლებლობას აძლევს, განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც არ ეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და შესაძლოა, სხვა უწყების უფლებამოსილებაში შედიოდეს.

მათ შორის, 2015 წელს ფონდმა მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის მილიონი ლარი გამოყო. ასევე „ლოკომოტივის სტადიონის რეაბილიტაცია, წყალ-კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები და ა.შ.“, - წერს საია. თბილისის მერია ფონდს ამ ტიპის პროექტებზე სამუშაოდაც უმტკიცებს ბიუჯეტს.

„ფონდის მიერ დამფუძნებლისთვის წარდგენილი ანგარიშები სულ სამ გვერდიანი და საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა. მათში მოცემული ინფორმაციის თითქმის ნახევარი იდენტურია. არ იცვლება დასახული გეგმების, მიღწეული საბოლოო შედეგების და ამ შედეგების შეფასების ინდიკატორების ტექსტური ნაწილი.

ინდიკატორები მოცემულია ზოგადად და არ შეიცავს რიცხობრივ მონაცემებს. რეალურად, შეუძლებელია, შეფასდეს, ნამდვილად იყო თუ არა მიზანი მიღწეული. არ არის მითითებული დასახული შესასრულებელი აქტივობები.

შესაბამისად, უცნობია, რეალურად მიემართებოდა თუ არა შესრულებული სამუშაო თავდაპირველ მიზანს. უცნობია, რა მასშტაბით უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული სამუშაო (ნაწილობრივ თუ მთლიანად). ასევე, არ არის ნაჩვენები, რა იყო ის ხელშემშლელი ფაქტორი, რომლის გამოც, ზოგ შემთხვევაში, სამუშაო ნაწილობრივ შესრულდა“, - წერს საია.

კვლევაში კრიტიკულად არის შეფასებული თბილისის განვითარების ფონდის ვებგვერდიც. საია წერს, რომ ფონდს ძირითადი საკითხები ვებგვერდზე პროაქტიულად ან საერთოდ არ გამოუქვეყნებია ან არასრულყოფილად არის გამოქვეყნებული.

„ფონდს არასოდეს არ გამოუქვეყნებია ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიში, რაც მისი გამჭვირვალობის დონეს მნიშვნელოვნად ასუსტებს; ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა დარღვევები ფონდსა და ძეგლის მესაკუთრეებს შორის ურთიერთობის დროს“, - წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^