საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ სუს-ში აცხადებენ.
როგორც სამსახურში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მოწმდება, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.
საოკუპაციო ძალების მხრიდან ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუსში.