მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უჭერს. აქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი შეუწყდა. პარტიამ ბოლო ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიმბოლურად, ამ თანამდებობაზე მისი შემცვლელი არ აერჩიათ.
„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ ენმ-ს სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია, და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი? ჩვენ გვყავს 400 000 რეგისტრირებული, აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები [...] და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომლებიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა" - თქვა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიამ აპლიკაცია უნდა შექმნას, რომლის მეშვეობითაც, ენმ-ს აქტივისტები Iphone-ებით მისცემენ ხმას გადაწყვეტილებებს.
„ჩვენ შეგვეძლება, ხმა მივცეთ აიფონით, აპლიკაციით, რომელიც თქვენ გექნებათ აიფონში. უახლოეს პერიოდში იმედია, პარტიის საორგანიზაციო ბირთვი შექმნის ამ აპლიკაციას და თითოეულ აქტივისტს „ნაციონალური მოძრაობის" შეეძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა პირდაპირ ელექტრონულად და პირდაპირ ჩართვა გადწყვეტილების მიღების პროცესში - კანდიდატების შერჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შერჩევაში მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში" - თქვა სააკაშვილმა.