
1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება.
საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ) მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა.
ამავე რეგლამენტის მიხედვით კი, ორ კვირაში სრულიად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
რა განსხვავებაა და როგორ უნდა გავარჩიოთ
მთავრობის დადგენილების თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის მიზანია პლასტიკის პარკების მოხმარებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირება.
პლასტიკი სინთეზური ორგანული პოლიმერია (ქიმიური ნივთიერება), რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები. ამ ტიპის პარკის დაშლას ასეულობით წელი სჭირდება.
ბიოდეგრადირებადი პარკი მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებულია. ამ ტიპის პარკი გარემოში დაშლას რამდენიმე თვეში იწყებს და ორ წელიწადში სრულად იშლება.
ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის მწარმოებელი; პლასტიკის პარკის სისქე; პლასტიკის პარკის შემადგენლობა; ასევე უნდა ჰქონდეს წარწერა – „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“.
პლასტიკის პარკი ბიოდეგრადირებული პარკისგან ვიზუალურად არ განსხვავდება. მსხვილი სავაჭრო ქსელები საქართველოში იყენებენ ბიოდეგრადირებულ პარკებს, რომლებიც ერთი შეხედვით პოლიეთილენის პარკს ჰგავს, მაგრამ ნაკლებად გამძლეა.
რომელი უწყებები გააკონტროლებს
რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევაზე კონტროლი რამდენიმე უწყების ფუნქციაში შედის:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების წარმოებას გააკონტროლებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციას.