ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და ყოფილი პრეზიდენტის პატივსაცემად ნურსულთანი ეწოდა.
ნურსულთან ნაზარბაევმა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ის ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია.
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის მეორე დღეს ინიციატივა წამოაყენა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი ეწოდოს.
„ჩემი ინიციატივაა, რომ დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი გადავარქვათ“, - თქვა ტოკაევმა, რომელსაც სურს ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას.
დღეს პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა. ამავდროულად, ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი პარლამენტის ზემო პალატის სპიკერად აირჩიეს.