„გამოუშვით უდანაშაულო ადამიანები“ - პროკურატურასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებულების ოჯახის წევრებმა და პარტია „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს.
„ხელისუფლებამ საჩვენებლად დააკავა 16 ახალგაზრდა. ჩვენ გვეგონა რომ სასამართლო გონს მოეგებოდა და ამ ადამიანებს გარეთ გამოუშვებდა, მაგრამ, პირიქით, წინასწარ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ.
ცხადია ისინი გამოსაშვები არიან, მე პირადად მოვედი იმიტომ რომ ოჯახის წევრებმა დააორგანიზეს სპონტანური აქცია და მოვედი, რომ მათთვის სოლიდარობა გამომეცხადებინა“,-განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაპატიმრებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული 18 პირიდან 4 პირს (ზაალ ლატარიას, ზურაბ სოლომნიშვილს, თემურ ირემაძეს და ანტონ ღლონტს) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ძალაში დატოვა.
მათ აღნიშნულ საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით ედებათ, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს: 157-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს: 1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7 წლამდე. 2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5-დან 8 წლამდე.