გუშინ, 20 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის ფარგლებში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა - ამის შესახებ „ლიბერალს“ სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ქეთი ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, 5-საათიანი შეხვედრა, რომელსაც მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა ესწრებოდა, უშედეგოდ დასრულდა.
ქეთი ხუციშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ გაფიცვის შესახებ წერილს სამინისტროში დღეს შეიტანენ. გაფიცვას კი კანონით გათვალისწინბული ვადების დაცვით, ანუ ორშაბათიდან, 25 მარტიდან დაიწყებენ. მისი ინფორმაციით, სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცებიან.
საინიციატივო ჯგუფი „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ განცხადებით, სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დღეს 15 საათზე მიმართავენ. ასევე ადგილზე წაიკითხავენ საჯარო განცხადებას.
რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა სამუშაო პირობების გამო, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით შრომითი დავა წამოიწყეს. სოციალურმა მუშაკებმა შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.
მედიაციის პროცესი 18 თებერვალს დაიწყო და მათი თქმით, უშედეგოდ დასრულდა - „მოდავე მხარეს არ მიგვიღია არავითარი რეალური დაპირება“. მედიაციის დასრულების შემდგომ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება მოიპოვეს.