სააგენტო Reuters-ის ცნობით, ყაზახეთის პოლიციამ 20-მდე ადამიანი დააკავა. მოქალაქეები მერიის წინ დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევას აპროტესტებდნენ.
ქალაქის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქს ბოლო 60 წლის განმავლობაში 4-ჯერ შეეცვალა სახელი. მოქალაქეები აღნიშნულს მლიქვნელობას უწოდებენ. გადაწყვეტილების წინააღმდეგ შექმნილ პეტიციას 30 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.
გუშინ, 20 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი ოფიციალურად შეეცვალა და ყოფილი პრეზიდენტის, სურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად „ნურსულთანი“ ეწოდა.
ნურსულთან ნაზარბაევმა თითქმის 30-წლიანი მმართველობის შემდეგ მოულოდნელად განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ის ყაზახეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტია.
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ნურსულთან ნაზარბაევის თანამდებობიდან წასვლის მეორე დღეს ინიციატივა წამოაყენა, რომ ქვეყნის დედაქალაქს ასტანას ექსპრეზიდენტის სახელი ეწოდოს.
„ჩემი ინიციატივაა, რომ დედაქალაქ ასტანას პირველი პრეზიდენტის პატივსაცემად სახელი გადავარქვათ“, - თქვა ტოკაევმა, რომელსაც სურს ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას.