Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგა ბოკერია: გვსურს იმის შეცვლა, რომ თუნდაც ფუნდამენტურ საკითხებში ოპონენტი ჩვენი მტერია

21 მარტი, 2019 16:20

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან. პარტიების ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და ბლოკის მაჟორიტარ კანდიდატად მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე დაასახელეს.

„ევროპულ საქართველოსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ განსხვავებული პოლიტიკური წარსული აქვთ. უფრო მეტიც, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და ახლა უკვე საერთო კანდიდატი შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო მაშინ, როცა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში იყვნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შალვა შავგულიძემ მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და კაცის კავშირად განსაზღვრას, რასაც სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა.

რატომ გაერთიანდნენ ყოფილი ოპონენტები ერთ ბლოკში და ხელს უშლით თუ არა პოლიტიკური წარსული? „ლიბერალი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ესაუბრა.

რამ განაპირობა ორი პარტიის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანება?

ეს არჩევანი განაპირობა იმ საერთო ხედვამ, რომელიც ჩვენ გვაქვს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ და რა გზით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა - მცირე და შეზღუდული ხელისუფლება; ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე; ევროატლანტიკური არჩევანი; პიროვნებების სახელმწიფოზე დომინაციის დაუშვებლობა და ქვეყანა, სადაც მოქალაქე აკონტროლებს ხელისუფლებას.

გეგმავთ არჩევნების შემდეგ ერთიან ბლოკში მუშაობის გაგრძელებას ან სხვა პარტიებთან კონსულტაციებს?

ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომელსაც აქვს მყარი პროდასავლური ღირებულებები და ქვეყნის შიგნით იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფლებაზე, ანგარიშვალდებულ, შეზღუდულ და მცირე ხელისუფლებაზე, ყველასთან შეიძლება მომავალში პარტნიორობა.

ოღონდ ამ ეტაპზე ეს ბლოკი შექმნილია „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის და ეს არის შემდგარი ფაქტი. ეს თანამშრომლობა არის სტატეგიული და ამოცანად ისახავს ამ საპარლამენტო არჩევნებს.

თქვენ განსხვავებული პოლიტიკური წარსული გაქვთ, წარსულში ოპონენტები იყავით. იყო თუ არა ეს გაერთიანებისას შემაფერხებელი ფაქტორი?

ადამიანებს შორის ყოველთვის არის შემაფერხებელი ფაქტორი წარსულში პოლიტიკური კონფრონტაცია, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების ამოცანა არის იმის საპირისპირო, რასაც ვხედავთ ამ წლების განმავლობაში - სიძულვილს, მტრობას პოლიტიკურ ოპონენეტებს შორის.

ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული წარსულიდან მოდიან, შეუძლიათ, შეჯერდნენ მომავლის ერთიან ხედვაზე და გვერდზე გადადონ წარსული დაპირისპირებები, მით უმეტეს - პერსონალური.

ეს საჭიროა, არა მარტო მათ შორის, ვინც ერთ პოზიციაზეა. ეს ცივილიზებული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია იმათთვისაც, ვინც ძალიან განსხვავებულ პოზიციებზე დგას. „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ამის მაგალითს მივცემთ ყველას.

არა მარტო ჩვენს შორის, ვინც განსხვავებული წარსულიდან მოვდივართ, ჩვენს ოპონენტებთან, გარდა იმისა, ვინც მტრობს ჩვენს ქვეყანას, პუტინთან დადის ან ძალადობას და სიძულვილს ქადაგებს, ყველა დანარჩენთან გვსურს ცივილიზებული ურთიერთობა და გვსურს იმ კულტურის შეცვლა, რომ თუნდაც ფუნდამენტურ საკითხებში ოპონენტი არის მტერი.

ხელისუფლება იცვლება, განსხვავებული ხალხი მოდის სათავეში თავისუფალი არჩევანის გზით და აგრძელებს მუშაობას იმ საქმეში, რასაც ქვეყნის წინსვლა ჰქვია.

შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო და იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მაშინ, როცა თქვენ ხელისუფლებაში იყავით. ცოტა ხნის წინ სხვებმაც გკითხეს, უხერხულობას ხომ არ გიქმნით ეს შემთხვევა და შავგულიძესთან ერთ გუნდში ყოფნა?

მე უხერხულობას მიქმნის ის შემთხვევა. უხერხულობა რბილი სიტყვაა, მე გახლდით იმ გუნდის წევრი და პოლიტიკურად ჩემი პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვქონდა პრობლემა ანგარიშვალდებულობის და ძალოვანი სისტემების უკონტროლობის.

გვესმის, რომ ეს აღარასდროს უნდა დავუშვათ. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც იქნება ეფექტიანი და ძლიერი, მაგრამ ძალიან მყარ ჩარჩოებში ჩასმული და ანგარიშვალდებული.

ამიტომ ის ადამიანი, ვინც ლეგიტიმურად გვაკრიტიკებდა ამ მძიმე ჩავარდნისთვის, დღეს რომ ჩვენი გუნდის წევრია, ეს უხერხულობას კი არ ქმნის, პირიქით, ძალიან კარგია, რადგან ეს ადამიანი ძალიან სამართლიანად გვაკრიტიკებდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ კოალიციაში ყოფნისას შალვა შავგულიძემ მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრას. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ საკითხში მის პოზიციას?

მე ძალიან მყარი პოზიცია მაქვს. მიმაჩნია, რომ არც ერთი მთავრობისა და ბიუროკრატის საქმე არ არის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა და იმაში, ვინ როგორ შექმნის ოჯახს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^