თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ვატო შაქარიშვილმა შესაძლოა, მმართველი გუნდი დატოვოს. შაქარიშვილი უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტის მიღებულ კანონს აკრიტიკებს.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ რა დაუკვეთა საზოგადოებამ 2012 წელს და რა მივიღეთ დღეს. მე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ციხეში შევხვდი. იცით რატომ? მოსამართლემ ძალიან მარტივად ცივსისხლიანად შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. იცით ვინ იყო ეს მოსამართლე? მოსამართლე, რომელზეც გვთავაზობენ უპერსპექტივო თეზისს ცუდების გაკარგებასთან დაკავშირებით. ეს იყო გიორგი მიქაუტაძე“, - განაცხადა შაქარიშვილმა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“.
ვატო შაქარიშვილის თქმით, მოსამართლე მიქაუტაძე არის მაგალითი იმ ღირებულებათა დაპირისპირებაზე, რომელიც მმართველ გუნდშია. მისი თქმით, მოსამართლე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად უნდა იღებდეს და არ იყოს სისტემის ნაწილი. მოსამართლეები კი, რომელთა არჩევაც „ოცნებას“ უნდა, სისტემის ნაწილი იყვნენ და ათასობით ადამიანთან მიმართებით პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს. ამიტომ, ვერ მიიღებს მოსაზრებას, რომ ადრე ეს მოსამართლეები იყვნენ ცუდები და ახლა კარგები გახდნენ.
საკრებულოს წევრი არ აკონკრეტებს, როდის დატოვებს მმართველ გუნდს, თუმცა მისი თქმით, ვალდებულია რომ დარჩეს იმ ღირებულებების ერთგული, რომლებმაც „ოცნებაში“ მიიყვანა და რომელსაც ახლა თავად უმრავლესობა განუდგა.
„ქართულ ოცნებაში, პარტიაში, საპარლამენტო თუ საკრებულოს ნაწილში, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც არ მოსწონს შექმნილი ვითარება. რომლებთანაც საერთო მოსაზრებები და პოზიციები მაქვს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დღეს არის მთვარი კითხვის ნიშანი იმაზე, როდის და რა ფორმით დავტოვებ „ოცნებას“, - უპასუხა ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვას ვატო შაქარიშვილმა.
შაქარიშვილის თქმით, ის აფასებს იმ დეპუტატებს, რომლებმაც თავიანთი პრინციპებისა და ღირებულებების გამო უმრავლესობა დატოვეს.