25 მარტს, დილის 08:30 საათიდან, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.
რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან
არასამთავრობო ორგანიაციების განცხადებით, აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან.
მათი თქმით, გაფიცვის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას და დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის გამო, დასაქმებულის დაშინება ან/და მასზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება.
„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სოციალურ მუშაკებს მათ სამართლიან ბრძოლაში და მოვუწოდებთ:
- საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლას,სოციალური მუშაკების დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაკისრების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მათი თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მუქარის ყველა მსგავს შემთხვევაზე;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია (GASW)
სოლიდარობის ქსელი-დამოუკიდებელი პროფკავშირი