- „ზიანის შემცირების მიდგომის მიზანია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირება ინდივიდების, თემისა და საზოგადოების დონეზე;
- ზიანის შემცირება ნარკოტიკების ავად მოხმარების პრობლემაზე საპასუხო მიდგომაა;
- ზიანის შემცირების მიდგომა აღიარებს, რომ იმ ადამიანებიდან, ვინც ნარკოტიკს მოიხმარს, ყველას არ ძალუძს ან არ სურს მოხმარების შეწყვეტა...
- ზიანის შემცირებას მოაქვს სარგებელი, როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს, ასევე მათი ოჯახებისა და საზოგადოებისათვის“ (Harm reduction International);
„ზიანის შემცირება აღიარებს, რომ სანამ კაცობრიობა არსებობს, იარსებებს ნარკოტიკი. შესაბამისად, იქნებიან ადამიანები, რომლებიც მას გასინჯავენ, გააგრძელებენ მოხმარებას, თავს დაანებებენ და ისინიც, ვინც მოხმარებას თავს არ დაანებებს. ეს მიდგომა სწორედ მათზეა გათვლილი - რით ვუშველოთ, რა შევთავაზოთ მათ, ვინც მას თავს ვერ ანებებს. ნარკოტიკების მომხმარებელს ვთავაზობთ მკურნალობას, რეაბილიტაციას და აქვე ვაცნობიერებთ, რომ ისევ იქნებიან ადამიანები, რომლებიც მაინც გააგრძელებენ მოხმარებას. რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია. ზოგჯერ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, უძლური ვრჩებით ამ პრობლემის წინაშე. როგორ ვიქცევით ასეთ შემთხვევაში? რით ვეხმარებით? სწორედ აქ ჩნდება ადგილი ზიანის შემცირებისთვის, რომელიც აცნობიერებს ამ რეალობას და არ ისახავს მიზნად უტოპიას. ის აბსოლუტურად რეალურად მსჯელობს და ამბობს, რომ რაკი მოხმარებას თავს ვერ ანებებ, ისე მაინც მოიხმარე, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარშემომყოფებს ნაკლები ზიანი მიაყენო“, - ირმა კირთაძე, „ალტერნატივა ჯორჯია“.
***
26-27 მარტს თბილისში ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება, სადაც ზიანის შემცირების იმ საუკეთესო პრაქტიკის მოდელირებული გამოფენა მოეწყობა, რომლებიც საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. ამ გამოფენის მიზანია, გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირება ზიანის შემცირების სხვადასხვა პრაქტიკაზე, მათზე ზეგავლენა ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოებისა და ინვესტირებისთვის.
საინექციო ოთახები
საინექციო ოთახები - ასევე უწოდებენ უსაფრთხო ინექციის ოთახებს. ეს არის საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებული ადგილები, სადაც პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ, ნარკოტიკების მომხმარებლებს შეუძლიათ, მოიხმარონ ნარკოტიკი უსაფრთხო და არაგანსჯად გარემოში. უსაფრთხო საინექციო ოთახში მუშაობენ: ექიმები, მედდები, სოცმუშაკები, თანასწორგანმანათლებლები და ა.შ.
„მსოფლიო ექიმები-საფრანგეთის" წარმომადგენლის ინა ინარიძის თქმით, მსგავსი ოთახების ფუნქიონირება რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი:
- საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით:
- ის ხელს უშლის ისეთი სისხლით გადამდები დაავადებების გავრცელებას როგორიცაა: აივი/შიდსი, ჰეპატიტი B და C ; სიფილისი და სხვა...
- ახდენს ზედოზირების პრევენციას;
- ყველა იმ სოციალური და ფიზიკური რისკების შემცირებას, რაც დაკავშირებულია ნარკოტიკების მოხმარებასთან.
- უსაფრთხოება და სიმშვიდე:
- ეს ოთახები ამცირებს იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომელიც მომხმარებელთა მიმართ საჯარო სივრცეებში არსებობს, როდესაც ისინი ღიად მოიხმარენ ნარკოტიკებს. ის ხელს უწყობს ურთიერთობების გაუმჯობესებას ადგილობრივ მოსახლეობასა და მომხმარებლებს შორის.
საინექციო ოთახები ამჟამად მსოფლიოს 15 ქვეყანაში ფუნქციონირებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2016 წელს საინექციო ოთახების რაოდენობა 90 იყო, 2019 წლის მონაცემებით ის უკვე 120-ია.
ზოგიერთი უსაფრთხო საინექციო ოთახი ფოკუსირებულია ოპიოიდ დამოკიდებულებზე, მაგრამ ბევრ მათგანში ასევე შესაძლებელია არა მარტო ნარკოტიკის ინექციურად მოხმარება, არამედ კოკაინის და მისი შემცვლელი ნივთიერებების მოწევა, ინჰალაცია.
საინექციო ოთახში სამედიცინო პერსონალი აკვირდება მოხმარების პრაქტიკას და შემდეგ აწვდის მათ რჩევებს, ჰქონდა თუ არა სარისკო ქცევა. მომხმარებლები სათითაოდ შედიან ოთახში, ყოველი შესვლის დროს მან უნდა წარადგინოს ის ნივთიერება, რომელიც უნდა მოიხმაროს და უნდა თქვას, თუ როგორ უნდა მოიხმაროს.
მთავარი მიზანია, რომ ყოველი მოხმარების წინ მომხმარებელმა ისარგებლოს საინექციო ოთახში არსებული სტერილური მასალით.
ნარკოტესტერები
ნარკოტიკული საშუალებების შემოწმება/ტესტირება წარმოადგენს ზიანის შემცირების მომსახურებას, რომელიც ეხმარება ადამიანებს, თავი აარიდონ უცნობი ან საფრთხისშემცველი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას.
გამოფენაზე ნარკოტიკული საშუალების ტესტერების პრეზენტაციას პროექტ „მანდალა - ზიანის შემცირების“ წარმომადგენელი თემო ხატიაშვილი წარუძღვება.
„ლიბერალთან“ საუბრისას ის გვიხსნის, რომ ნარკოტესტირებით შესაძლებელია, ნებისმიერი ნივთიერების, იქნება ეს, ე.წ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება თუ ნარკოტიკული საშუალება, დატესტვა და გაგება, არის თუ არა ჩვენს ხელთ არსებული ნივთიერება ნამდვილად ის, რაც გვგონია.
„მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ყიდულობენ MDMA-ს და აღმოჩნდება ხოლმე ამფეტამინი. ან ის იმდენი სხვა ნივთიერებით შეიძლება იყოს გაჯერებული, რომ მასში ნამდვილი MDMA საერთოდ არ იყოს. ასეთ შემთხვევებში ეს ტესტერები აჩვენებენ, რომ ნივთიერება არ არის MDMA და არის, მაგალითად, ე.წ. აბაზანის მარილი და ა.შ. დატესტვის შემდეგ მომხმარებელი ან სიფრთხილით მოიხმარს მის ხელთ არსებულ ნივთიერებას, ან საერთოდ უარს ამბობს საეჭვო ნივთიერების მოხმარებაზე, რაც ამცირებს ზედოზირებისა თუ სხვა გართულებების რისკს“, - ამბობს ხატიაშვილი.
მისი თქმით, საქართველოში ტესტერების საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ახალმა ფსიქოაქტიურმა ნივთიერებებმა, ასევე ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის პრაქტიკამ ახალი გამოწვევები გააჩინა.
„ახალი ფსიქოატიური ნივთიერებები ყოველდღიურად ვითარდება, ძალიან სწრაფად მრავლდება და დღეისთვის, გარდა იმისა, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ძალიან მრავალფეროვანი სახეობები არსებობს, კიდევ იმით გამოირჩევა, რომ ადვილად ხელმისაწვდომია. ამას განაპირობებს ის თანამდეროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ „ბიზნესმა“ კარგად მოირგო. ინტერნეტით შესაძლებელია მისი ნებისმიერ დროს შეძენა, ამისთვის ძალიან ბევრი ინტერნეტსაიტი და მობილური აპლიკაცია არსებობს”, - ამბობს ხატიაშვილი.
მისი თქმით, ერთადერთი გზა, გაიგო რა ნივთიერება გაქვს, ეს არის ტესტერი, რომელიც საქართველოში ნაკლებად გავრცელებული და ნაკლებად პოპულარულია. მისი თქმით, საქართველოში ამ ტესტერების შეძენა შეუძლებელია, მისი მხოლოდ გამოწერაა შესაძლებელი.
„რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ „მანდალას“ ფეისბუქზე მომხმარებელმა მოგვწერა და გვითხრა, რომ მას მეგობარმა აჩუქა 2 აბი, სავარაუდოდ, ექსტაზი. ჩვენ მივეცით მას ტესტერი და როდესაც დატესტა, აღმოჩნდა, რომ ეს არ იყოს ექსტაზი. საბოლოო ჯამში საერთოდ ვერ მოხერხდა ამ ნივთიერების დადგენა. საერთოდ არცერთ ნივთიერებას არ წარმოადგენდა, რომლის ტესტირებაც ჩვენ შეგვიძლია. ამ ადამიანმა უარი თქვა მოხმარებაზე და ნივთიერება გადაყარა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ტესტერებით როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი სერიოზულ საფრთხეს გადავარჩინეთ. იმიტომ, რომ არავინ არ იცის, მას რომ ეს დაელია, რა შედეგით დასრულდებოდა.
გულწრფელობისთვის, ისიც უნდა ვთქვათ, რომ არის შემთხვევები, რომ ადამიანი აკეთებს ტესტირებას, აღმოაჩენს, რომ საეჭვო ნივთიერებასთან აქვს საქმე და მაინც მოიხმარს. მაგრამ ტესტირებას ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს, რომ როდესაც ადამიანი იგებს, რომ საეჭვო ნივთიერებასთან აქვს საქმე, მას უფრო მეტი სირფთხილით მოიხმარს, ვიდრე ტესტრირების გარეშე მოიხმარდა. მაგ: თავდაპირველად უფრო ნაკლებ დოზას მოიხმარს, დააკვირდება რეაქციას და ა.შ. ანუ როგორც მინუმუმ გარკვეულ სიფრთხილეს მაინც იჩენენ, სხვა თუ არაფერი, ესეც უკვე შედეგია“, - ამბობს ხატიაშვილი.
ჰეროინით მხარდამჭერი მკურნალობა (HAT)ზედამხედველობის ქვეშ საინექციო ჰეროინზე დამოკიდებულ ადამიანებში, რომლებშიც წარმატებული არ გამოდგა მკურნალობის ტრადიცული მეთოდები (რეზიდენტული რეაბილიტაცია, მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობა), გამოიყენება ჰეროინის შემცველი მკურნალობა.
კოტე რუხაძე, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წარმომადგენელი, საქართველოში ჰეროინით მხარდამჭერი მკურნალობის დანერგვის საჭიროებაზე საუბრობს.
„პირველად ჰეროინის ჩანაცვლების პროგრამა შვეიცარიაში დაინერგა. დაახლოებით 1994 წელს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ მეტადონის ან სუბოქსონის (ბუპრენორფინი) პროგრამებში, მაინც ამატებდნენ სხვა ნარკოტიკებსა თუ აბებს. რეალურად ამ ადამიანებისთვის ეს პრეპარატები ჩანაცვლებითი თერაპიის როლს ვერ ასრულებდა.
მე, მაგალითად, ბუპრენორფინის პროგრამაში ვარ და აბსოლუტურად პროდუქტიული ვარ, სხვა რამე არანაირად არ მჭირდება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პრეპარეტები ვერ მოირგეს. ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობაა, ან შეეგუები პრეპარატს, ან ვერ. ამიტომ ამგვარი კატეგორიისთვის, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე მომხმარებლები არიან, მიიღეს ჰეროინის ჩანაცვლებითი მკურნალობის გადაწყვეტილება, ვინაიდან, ეს ხალხი მაინც მიმართულია შავი ბაზრისკენ, ქუჩაში ყიდულობენ ნარკოტიკს, რეალურად ამდიდრებენ ქუჩის დილერებს, ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას", - ამბობს კოტე რუხაძე.
მისი თქმით, ჩანაცვლებით თერაპიაში მომხმარებლების ჩართვა ხელს უწყობს ინფექციების გავრცელებასთან ბრძოლას, ზედოზირების პრევენციას, „ქუჩის ნარკოტიკების“ მოხმარების შეწყვეტას, კრიმინალის შემცირებას და ა.შ.
რაც შეეხება საქართველოს, როგორც მომხმარებელთა ქსელის წარმომადგენლები, რუხაძე ამბობს, რომ 7 რეგიონის 9 ქალაქში მომხმარებელთა თემთან შეხვედრისას, გამოიკვეთა, რომ ყველა ის მომხმარებელი, რომელიც წლებია, ე.წ. მძიმე ნარკოტიკს მოიხმარს, ამბობს, რომ მათ დღეს მეტადონი და ბუპრენორფინის პროგრამა არ აკმაყოფილებს, ამიტომ იძულებული არიან, დაამატონ რაღაც აბები, რითაც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოშიც არსებობს საჭიროება არსებობდეს ჰეროინით მხარდამჭერი მკურნალობა.
საინექციო ინსტრუმენტების გამცემი მექანიკური აპარატი - სიგმა
აპრილიდან თბილისსა და რუსთავში საინექციო ინსტრუმენტების გამცემი აპარატები (სიგმა) გამოჩნდება.
სიგმას მიზანია, სტერილური საინექციო ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს მათ მიღებას შპრიცებისა და ნემსების გაცვლის ცენტრებიდან ან სხვა წყაროდან, ან არ აქვთ საინექციო ინსტრუმენტების მიღების მიზნით კონტაქტების დამყარების სურვილი.
სიგმა აპარატები საქართველოში დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ინიციატივით გამოჩნდება. ცენტრის მკვლევარი ირმა კირთაძე ამბობს, რომ ზიანის შემცირებისთვის საინექციო მასალების შეძენას სპეციალური ბარათის მქონე მომხმარებლები შეძლებენ. ეს მომსახურება აბსოლუტურად უფასო იქნება ბარათის მფლობელისთვის და მათ ზუსტად იმავე მასალაზე ექნებათ წვდომა, რაც ზიანის შემცირების სერვისებში რიგდება.
მისი თქმით, სიგმა აპარატების უპირატესობა ის იქნება, რომ მომხმარებელი არ იქნება დამოკიდებული ზიანის შემცირების ცენტრების სამუშაო გრაფიკზე და ისინი მათთვის საჭირო ინსტრუმენტებს სამუშაო საათების შემდეგ და დასვენების დღეებშიც მიიღებენ.
მისი თქმით, სიგმა აპარატების მიზანი არაა სტაციონარული ცენტრების ჩანაცვლება, ეს დამატებითი შესაძლებლობა იქნება მომხმარებლებისთვის.
კირთაძე იმედოვნებს, რომ იმის გამო, რომ ქვეყანაში მაღალია სტიგმა, განსაკუთრებით ქალი ნარკომომხმარებლების მიმართ, ამ აპარატების საშუალებით შესაძლებელია, მეტად მოხდეს ქალი მომხმარებლებისა და ახალგაზრდა მომხმარებლები მოცვა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭრიდებათ ეს პროგრამები და მაღალი სტიგმის გამო არანაირ სერვისს არ აკითხავენ.
„შევხედავთ, რამდენად იქნება ქალებისთვის შიშისა და ბარიერის მომხსნელი ის, რომ როცა ეს მასალები დასჭირდებათ, მათ არ მოუწევს ადამიანთან შეხება, რომელიც მას შეიცნობს, როგორც მომხმარებელ ქალს. ქალებისთვის ასევე გათვალისწინებული გვაქვს სპეციფიკური, ცალკე შეფუთვა, რომელშიც იქნება ორსულობის ტესტი, ქალის კონდომი“, - ამბობს კირთაძე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სიგმას აპარატი არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელთა მანქანა, ის იქნება ზოგადად ჯანდაცვითი მანქანა, რომელიც მოემსახურება ზოგად პოპულაციას.
„ამიტომაც მანქანის გარკვეული ნაწილი დაეთმობა ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა, მაგალითად, გაციების საწინააღმდეგო ჩაი, მედიკამენტები, ყელისთვის საწუწნი აბები, ტკივილგამაყუჩებელი, ანუ ის, რაც აფთიაქებში რეცეპტის გარეშე იყიდება. ასეთი მასალები გაიყიდება აპარატიდან, ამიტომ მიმღებლობა ამ აპარატების გაიზრება და იდენტიფიცირება, რომ ვინც იქ დგას, აუცილებლად ნარკომომხმარებელია, აღარ მოხდება. მათ, ვისაც ბარათი არ ექნება, არც წვდომა ექნება ზიანის შემცირების მასალაზე. ვისაც ბარათი ექნება, მას ეცოდინება, რომ ამ ბარათის გააქტიურების შემთხვევაში გააქტიურდება მეორე მენიუ, ზიანის შემცირების ფარგლებში“, - ამბობს კირთაძე.
გარდა აღნიშნული სერვისის მიწოდებისა, სიგმა აპარატი შესაძლებლობას იძლევა, რომ მოხდეს მომხმარებელთა გამოკითხვა და ინფორმაციის მიღება მათი სარისკო ქცევის შესახებ. ბარათის მფლობელების გამოკითხვა ასევე სიგმა აპარატების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნითაც მოხდება.
„დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ზიანის შემცირების პროგრამა, რომელიც ამ სერვისების მიმწოდებელია, ყველამ არ იცის ამ პროგრამის შესახებ. მაგრამ თუნდაც ის, ვინც ბენეფიციარია, მათაც აქვთ ხოლმე პრაქტიკაში ნახმარი შპრიცის გამოყენების შემთხვევები. მართალია, ეს რადიკალურად დაბალია, ვიდრე 5-7 წლის წინ იყო, მაგრამ ეს პრაქტიკა მაინც არსებობს. ამიტომ ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ [სიგმა აპარატები] ამ მაჩვენებელს შეამცირებს და მოხდება, ე.წ. უსაფრთხო ინექციის პრაქტიკის შენარჩუნება ნარკოტიკების ინექციურად მომხმარებელთა პოპულაციაში.
ბუნებრივია, ამ მაჩვენებელს სჭირდება გაზომვა და ჩვენი მოლოდინია, რომ გავზომავთ ონლაინგამოკითხვით, რომელიც ისევ და ისევ მხოლოდ ბარათების მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სადაც მათ დაუსვამენ შეკითხვებს, რამდენად კმაყოფილი არიან სიგმას აპარატებით; ასევე იქნება კითხვები სარისკო სარისკო ქცევაზე, რამდენად ჰქონდა ასეთი შემთხვევა, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ გაზიარება და ა.შ. შესაბამისად, ესეც გაიზომება“, - ამბობს კირთაძე.
სიგმა აპარატები თბილისში 8 ადგილას, ხოლო რუსათვში 2 ადგილას განთავსდება. ეს მოხდება ეტაპ-ეტაპ და 3-თვიანი ინტერვალით დაემატება შემდეგი 2.