„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში იმ მეექვსეკლასელი ბიჭის თანაკლასელები, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეებს ბულინგში ადანაშაულებს, გაკვეთილებზე არ მივიდნენ. პროსტესტის ამ ფორმით გამოხატვის შესახებ გადაწყვეტილება 14-მა მშობელმა ორი დღის წინ, 23 მარტს მიიღეს. ისინი კლასში იმ მასწავლებლის დაბრუნებას მოითხოვენ, რომელსაც 11 წლის ბიჭის ბულინგში ადანაშაულებენ.
„ლიბერალი“ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ იციან და ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
„მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რა რეგულაციასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, ჩართულია შესაბამისი სტრუქტურები. ამ ეტაპზე სხვა განმარტებას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებთ, თუმცა იმ წუთიდან, რა წუთიდანაც დაიწყო ეს საკითხი, ჩართულია შესაბამისი სტრუქტურები და ინფორმირებულები არიან“, – უთხრა „ლიბერალს“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ.
ახალციხეში იმყოფებიან მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებიც. როგორც „ლიბერალს“ მანდატურის სამსახურში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით სკოლის მანდატურმა მოსწავლე მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში გადაამისამართა. მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ როგორც კი მოსწავლის ბებიის თანხმობა მიიღეს, ფსიქოლოგები ახალციხეში ჩავიდნენ და მოსწავლეს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ. მათივე თქმით, ისინი მზად არიან, სურვილის შემთხვევაში, პროტესტში ჩართულ მშობლებსა და მოსწავლეებსაც გაესაუბრონ.
„ლიბერალს“ შსს-ში დაუდასტურეს, რომ შესაძლო ბულინგთან დაკავშირებით უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ შაბათს ჩატარდა გამოკითხვები, ამჟამად კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში, მეექვსეკლასელი ბიჭის ბებია და დედა მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ამ საქმეზე მასწავლებელს სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა დაუდგინა და სახდელიც დააკსირა. მასწავლებელი ბავშვზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მან კლასი დატოვა. ამის გამო კლასში ყველა, 14-ვე ბავშვის მშობელი 11 წლის ბიჭს დაუპირისპირდა. დედები ირწმუნებიან, რომ ბავშვი და მისი ბებია ცრუობს, მოზარდი სკოლაში არავის დაუჩაგრავს. „სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. როგორც მეექვსეკლასელი ბიჭის დედა მათთან საუბარში ამბობს, ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა.