ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, გაფიცვა სოციალური მუშაკების უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება. მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას საინიციატივო ჯგუფი „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ ეხმაურება. ჯგუფის წარმომადგენლის, ქეთი ხუციშვილის შეფასებით, ეს არის სამინისტროს მხრიდან თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგროც პროფესიაზე.
„თურმე ის ფაქტი, რომ სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაფიცულები, რომ სოციალური სამსახური არის პარალიზებული, საერთოდ არ ქმნის პრობლემას და თურმე სოციალური მუშაობის განხორციელებას ამით საფრთხე არ ექმნება. ისინი ამბობენ, რომ თავიანთი სპეციალისტებით მშვენივრად იმუშავებენ ბენეფიციარებთან, მშვენივრად იმუშავებენ, მათ შორის, ძალადობის შემთხვევაზე. ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებულები და გაბრაზებულები, იმიტომ, რომ ეს აღარ არის მხოლოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების საჭიროებების უგულებელყოფა, ეს არის თავდასხმა სოციალურ მუშაობაზე, როგორც პროფესიაზე“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი
სოციალური მუშაკები მოუწოდებენ მოქალაქეებს შეუერთდნენ დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაანონსებულ აქციას - „ყველა ადამიანი, ვინც აცნობიერებს ამ ქვეყაში სოციალური მუშაობის მნიშვნელობას, ადამიანის უფლებების მნიშვნელობას, უნდა გაბრაზდეს, უნდა გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს სოციალური მუშაკების ძალიან სამართლიან გაფიცვას“.
„პასუხი უნდა მოვთხოვოთ სამინისტროს, რომელიც ცდილობს, რომ დაასამაროს ბავშვთა უფლებები. ეს არის სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს ბავშვებს და რომელიც ცდილობს დაასამარო სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია. ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არავინ სახლში არ მიდის, არავინ სამსახურში არ მიდის, ბრძოლა არის ბოლომდე“, - აცხადებს ქეთი ხუციშვილი