საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში აკუსტიკის პრობლემაზე მუშაობა დაიწყეს. მისი აზრით, რემონტზე თანხა რაციონალურად დაიხარჯა. ამ პრობლემის გარდა, დარბაზი „შესანიშნავ მდგომარეობაშია“.
„ჩვენ ვმუშაობთ ახლა. არის კონკრეტული მექანიზმი იმისათვის, რომ აკუსტიკის პრობლემა მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, მალე მოგვარდება“, - თქვა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თბილისის პარლამენტზე ქუთაისისისგან განსხვავებით, ფული რაციონალურად დაიხარჯა და ოპოზიციის კრიტიკას ვერ მიიღებს.
„ლაპარაკობს ის ოპოზიცია, რომელმაც ნახევარი მილიარდი დახარჯა ქუთაისის შენობაზე და მოგეხსენებათ, რამდენად რაციონალური იყო ეს ხარჯი. რაც შეეხება ამ შენობის რემონტს, რომელიც განხორციელდა 2013 წელს, თუ არ ვცდები, თანხები დაიხარჯა მაქსიმალურად რაციონალურად და თქვენ ხედავთ, რომ დარბაზი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, თუმცა არის აკუსტიკის საკითხი, რაც მარტივად შეიძლება მოგვარდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანომ წელს საგაზაფხულო სესია თბილისში დაიწყო. დეპუტატების ნაწილი კი ჩივის, რომ პლენარული სხდომის დარბაზში ცუდი აკუსტიკაა და ვერ იგებენ, რა კანონპროექტებს უყრიან კენჭს.