კაცებისთვის განკუთვნილმა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატმა წარმატებით გაიარა ტესტირება. გარკვეულ ხანში აფთიაქებში კონტრაცეფციის ახალი საშუალება შეიძლება გამოჩნდეს.
როგორც ჟურნალი TIME წერს, ახალმა პრეპარატმა, რომელიც ქალებისთვის განკუთვნილი კონტრაცეპტივის მსგავსად მუშაობს, წარმატებით დაასრულა უსაფრთხოებისა და ჰორმონული სტაბილურობის გამოცდა.
კვლევის პრეზენტაცია ლოს-ანჯელესის ბიომედიცინის კვლევითმა ინსტიტუტმა და ვაშინგტონის უნივერსიტეტმა ენდოკრინოლოგთა ასოციაციის შეხვედრაზე გამართეს.
კონტრაცეპტივი ჯერჯერობით ლიცენზირებული არ არის, თუმცა კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ კაცებისთვის განკუთვნილი უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეპტივების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„ქალებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების ბევრი სახე გვაქვს. გვაქვს აბები, ჰორმონული IUD (სპირალი), ინექცია და სხვ. კაცებისთვის კი ჰორმონული კონტრაცეფციის მსგავსი, ფაქტობრივად, არაფერია. ეს არ არის თანასწორი სტანდარტი“, - თქვა ლოს-ანჯელესის ბიომედიცინის ინსტიტუტის მკვლევარმა, დოქტორმა ქრისტინა უანგმა.
TIME წერს, რომ ახალი პრეპარატის წარმატებული გამოცდის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, კაცებისთვისაც გამოჩნდეს ეფექტიანი აბები. მედიკამენტის შემქმნელებმა კაცებისთვის ჩასახვის საწინააღმდეგო აბების შექმნა ადრეც სცადეს, მაგრამ გამოცდის ეტაპზე მას გვერდითი მოვლენები აღმოაჩნდა.
რაც შეეხება ახალ მედიკამენტს, 30 კაცი მას 28 დღის განმავლობაში სვამდა, 10 კი აბს პლაცებოს ეფექტით იღებდა.
ჩასახვის საწინააღმდეგო ახალ აბებზე ტესტირების ბოლოს არავითარი ცვლილება არ აღმოჩნდა ორგანიზმში, არც თავად კვლევის ობიექტებს დაუჩივლიათ გვერდით მოვლენებზე.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები არ გამოუცდიათ წყვილებს, თუმცა კვლევის ავტორები ამბობენ, რომ სპერმასა და ტესტოსტერონზე დაკვირვება მის ეფექტიანობას აჩვენებს.
უფრო მეტიც, თუკი ადრე კაცები შიშობდნენ, რომ კონტრაცეფციას შეიძლებოდა, დაეზიანებინა მათი შვილოსნობის უნარი ან გამოეწვია ერექციული დისფუნქცია, ახალი პრეპარატი, დოქტორი უანგის თქმით, პირიქით, ხელს უწყობს სექსუალურ ფუნქციას.
კაცებისთვის განკუთვნილ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს წარმატებული ტესტირების მიუხედავად, აფთიაქებში მოხვედრამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. დოქტორი უანგი ამბობს, რომ ექიმები 100%-ით უნდა დარწმუნდნენ მის უსაფრთხოებაში. რასაც კაცებში დამატებით კვლევები სჭირდება.
ამის შემდეგ, კვლევის ავტორებმა ათასობით მოხალისე წყვილი უნდა იპოვონ, რომლებიც გამოიყენებენ ახალ აბებს და დარწმუნდებიან მის ეფექტიანობაში.
„როგორც წესი, კაცები უფრო გვიან აკითხავენ ექიმებს, ვიდრე ქალები. ხშირად ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენიდან ძალიან გვიან მიდიან სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ახალ კონტრაცეფციაზე დაკვირვება კი მათ აიძულებთ, პერიოდულად მიაკითხონ ექიმს, რაც ასე აფრთხობთ“, - დასძენს ქრისტინა უანგი.