პარლამენტში ბავშვთა კოდექსს განიხილავენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ახალი კოდექსის პროექტით, ღამის კლუბში ბავშვები მშობლის გარეშე 18:00 საათიდან არ დაიშვებიან. 18:00 საათიდან 24:00 საათამდე კი მშობელთან ერთად შევლენ.
„შენიშვნა იყო, 64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო ეს იყო ძალიან სწორი შენიშვნა. ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე [არ დაიშვებიან].
რომელი საათიდანო - თეორიულად საფრთხის შემცველი იყო ეს და ამიტომ ვთქვით ეს, რომ 18:00 საათიდან 24:00 საათამდე“, - თქვა სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე.
ბავშვის უფლებათა მოქმედი კოდექსით, ბავშვი ღამის კლუბში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით 24:00 საათამდე დაიშვება. თუმცა, არ იყო მითითებული, რომელი საათიდან შეძლებს ის მშობელთან ერთად შესვლას.