ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და „მწვანე ალტერნატივამ“, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, „ნენსკრა ჰესის“ პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. დავა შეეხება სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით EMC და მწვანე ალტერნატივა მოითხოვენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც „ნენსკრა ჰესის“ განახლებული პროექტი, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა. ამ გადაწყვეტილებით, პროექტში არსებითი ხასიათის ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებების მიუხედავად, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად საკმარისად ჩაითვალა 2015 წელს მომზადებული გზშ-ს ანგარიში.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მოთხოვნას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, ასევე, სასამართლოს დავის დასრულებამდე, გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება წარმოადგენს.
EMC და მწვანე ალტერნატივა იმედს გამოთქვამენ, რომ ეროვნული სასამართლო ადგილობრივი მოსახლეობისთვისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის იქნება ის მექანიზმი, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს განახორციელონ რეალური კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე ჰიდროენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.