„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს. სერგი კაპანაძის თქმით, თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა უნდა შეისწავლოს როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმე, ასევე სკოლებში არსებული მდგომარეობა.
ამასთანავე, „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საქმეზე მთავარ პროკურორს პარლამენტში იბარებს. როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ამ დრომდე არ დაუსჯიათ არც ერთი პირი, ვინც ია კერზაიას წინააღმდეგ დევნასა და ზეწოლაში მონაწილეობდა.
„ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით შეკითხვები. თვეზე მეტი დრო გავიდა, პროკურატურამ თითქოს დაიწყო გამოძიება, მაგრამ არანაირი შედეგი არ დაუდია, არც ერთი ადამიანი არ დასჯილა. ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მეექვე საჯაროს სკოლის ეგზეკუციაში, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებიც იბარებდნენ ია კერზაიას და მიმართავდნენ ზეწოლას. მხედველობაში მაქვს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზუგდიდში. ყველანი არიან თავიანთ თანამდებობებზე. არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა განათლების სამინისტროს შესაბამისი სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა კაპანაძემ.
26 მარტს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) წარმოადგინა სპეციალური ანგარიში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში წარმოებული ინსპექტირების შესახებ.
საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების შემოწმებისა და მათი შეფასებიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.
ISFED: სკოლის ინსპექტირება ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს
:
2018 წელს ინსპექტირება ჩატარდა 7 სკოლაში, 6 სკოლაში არჩევნების მეორე ტურამდე - საია