ევროკავშირში საავტორო უფლებების გამკაცრებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. სადავო კანონპროექტის მიღებას 348 დეპუტატმა მისცა ხმა, 278 წინააღმდეგ წავიდა, 36-მა კი თავი შეიკავა.
ინტერნეტკომპანიები, მათ შორის Google და Facebook რეფორმას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი კანონი ინტერნეტს შეზღუდავს და მომხმარებელს სხვადასხვა მასალის განთავსებაში ხელს შეუშლის.
BBC წერს, რომ კრიტიკა ყველაზე მეტად ორ (მე-11 და მე-13) მუხლს მოჰყვა.
მე-11 მუხლის მიხედვით, საძიებო სისტემებმა ახალი ამბების ვებგვერდებს ფული უნდა გადაუხადონ მათი ბმულების გამოყენებისთვის.
მე-13 მუხლის მიხედვით კი, ინტერნეტში ამა თუ იმ პლატფორმაზე საავტორო უფლებების დარღვევით განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებლობას ამ პლატფორმის მფლობელი კომპანია იღებს. მათ კონტენტის გასაკონტროლებლად ახალი ფილტრების შემოღება მოუწევთ.
კანონი უშვებს გამონაკლისებსაც, მათ შორის მიმებზე - მოკლე ვიდეოები, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდება, საავტორო უფლებებს არ დაექვემდებარება.
კანონს მხარს უჭერენ შემოქმედებით წრეებში. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაცია მათ შემოქმედებას დაიცავს და უფრო სათანადო ანაზღაურებას მიიღებენ.
ევროკავშირი საავტორო უფლებების რეფორმაზე 2 წელია, მუშაობს. ახალი კანონის ამოქმედებამდე ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი.