დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ტაქსის სპეციალური მანათობელი წარადგინა, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემა. ერთიანი ვიზუალური სტანდარტის მანათობლები ღამის საათებში წითლად იქნება განათებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ტაქსი დაკავებულია.
კალაძის განცხადებით, სპეციალურ მანათობლებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითიჯი-ჯორჯია“ დაამზადებს.
კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა ის ვალდებულებები და პრივილეგიები, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსებს ექნებათ.
„როგორც იცით, არის ლიცენზიის ორი მიმართულება – A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებსარ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვის და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას. რაც შეეხება A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს, მათ აქვთ ვალდებულება, ყავდეთ თეთრი ავტომობილი. ავტომობილის გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ. ამ პროექტს ტენდერში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია განახორციელებს. პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ტაქსის მძღოლს გავლილი უნდა ჰქონდეს ტექნიკური ინსპექტირება და ორ კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ პრივილეგია – ქალაქში მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც არანაირი გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.