ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ აქტუალური საკითხები.
კვლევის ფარგლებში, გაანალიზდა საიას წარმოებაში არსებული როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის საქმეები.
საიამ სასამართლოებიდან გამოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ მიღებული განჩინებები; შემაჯამებელი განაჩენები; ასევე, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
კვლევის ფარგლებში, ჩატარდა ინტერვიუები მსხვერპლებთან, მოსამართლეებთან, პროკურორებთან, შსს-ის წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან.
კვლევა მოიცავს 2017 და 2018 წლების პერიოოდს.
„კვლევამ აჩვენა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გაზრდილია იმგვარი ძალადობის ფორმების მაჩვენებელი როგორიცაა სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება.„
ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის გენდერულ ასპექტები
• ძალადობის მსხვერპლებთან ინტერვიუმ აჩვენა, რომ ძალადობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის მოძალადეთა მხრიდან მსხვერპლის ქცევის კონტროლის სურვილი, მოძალადეების ნებასთან შეუსაბამო მოქმედება და ოჯახში არსებული სტერეოტიპული როლები;
• მსხვერპლები ძალადობის ძირითად მაპროვოცირებელ გარემოებად მიიჩნევენ მოძალადეზე მატერიალურად დამოკიდებულებას, საზოგადოების მხრიდან მორალური მხარდაჭერის არარსებობას, ტრადიციულ მიდგომებს და ოჯახის საქმეებში ნათესავების ჩარევას;
• ინტერვიუებმა, განაჩენებისა და საქმეების ანალიზმა აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოძალადე მამაკაცია, ხოლო მსხვერპლი _ ქალი. ძალადობა ძირითადად ხდება მეუღლეებს/პარტნიორებს შორის;
• კვლევის ფარგლებში მსხვერპლების ადვოკატებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და შესწავლილმა განაჩენებმა აჩვენა, რომ დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა პრობლემური საკითხია. 2017 წლის პერიოდში შესწავლილი 102 გადაწყვეტილებიდან, პროკურატურის მხრიდან მხოლოდ 2 (2%) შემთხვევაში იყო გამოკვეთილი გენდერული დისკრიმინაციის მოტივი. რაც შეეხება 2018 წელს, შესწავლილი 131 გადაწყვეტილებიდან 3 (2%) შემთხვევაში მოხდა დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთა ბრალდების მხარის მიერ;
• სასამართლო განაჩენების ანალიზმა გამოავლინა, რომ სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გაიზიარა პროკურორის არგუმენტაცია დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა არ გამოყენებულა.
ძალადობაზე პირველადი რეაგირება
• ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მსხვერპლები მოძალადეებთან თანაცხოვრების განმავლობაში ნაკლებად მიმართავენ სამართალდამცავ უწყებებს. ასევე, მიმართვა, როგორც წესი, ხდება არა პირველივე, არამედ მხოლოდ სისტემატური და ინტენსიური ძალადობის შემდგომ;
• საიას წარმოებაში არსებული საქმეების შესწავლამ აჩვენა, რომ შემაკავებელ ორდერს სამართალდამცველები, უმეტესწილად, გამოსცემენ, თუმცა, იკვეთება შემთხვევები, როდესაც ორდერი არ გამოიცა ან გამოიცა არასწორად _ არა მსხვერპლის დაცვის მიზნით, არამედ მის საწინააღმდეგოდ;
• საიას წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის მიხედვით, როდესაც ოჯახურ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე აცხადებს, რომ დაექვემდებარა ძალადობას, იკვეთება პოლიციის მხრიდან მსხვერპლის იდენტიფიცირების პრობლემა. მსგავს შემთხვევებში შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა როგორც მოძალადის, ისე მსხვერპლის მიმართ, რაც მიუთითებს პოლიციის მიერ მოძალადისა და მსხვერპლის გარჩევის სირთულეზე;
• ინტერვიუებმა ცხადყო, რომ შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის მიზნით, არ ტარდებოდა პროაქტიული ღონისძიებები სამართალდამცავთა მხრიდან. მართალია, 2018 წლიდან შსს-ში დაინერგა ორდერების მონიტორინგის მექანიზმი, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნულის თაობაზე საიას ინფორმაცია არ მიეწოდა. სასამართლოებიდან გამოთხოვნილი გადაწყვეტილებების (დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ) ანალიზის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ხშირია განმეორებითი ძალადობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ;
• მსხვერპლებთან, შსს-ს წარმომადგენლებსა და მოსამართლეებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ ძალადობის შემსწრე ბავშვებს არ აქვთ მსხვერპლის სტატუსი და მათ მიმართ არ გამოიყენება დამცავი მექანიზმები. განსხვავებული ვითარებაა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი შვილები თავად არიან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლები. ასეთ დროს, როგორც წესი, მათ მიმართაც მოქმედებს დამცავი მექანიზმები;
• ინტერვიუებმა და გამოთხოვნილმა საჯარო ინფორმაციამ ცხადყო, რომ გამოწვევაა ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრით ეფექტიანად სარგებლობა. რიგ შემთხვევაში მსხვერპლებს უწევთ სხვა ქალაქში წასვლა თავშესაფრის მისაღებად, რადგანაც კონკრეტულ ქალაქში არ არის თავისუფალი ადგილი. ცალკეულ შემთხვევებში მსხვერპლთათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, თუნდაც დროებით, სამსახურის ან/და არასრულწლოვანი შვილების გამო შეუძლებელია;
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა
• განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ ოჯახური დანაშაულების ჩადენისას, ძირითადად, განაჩენი დგება ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე. კვლევის ავტორების თქმით, დადებითად აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე რეაგირების სტატისტიკა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება მსგავსი ტიპის ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება;
• შსს-ს წარმომადგენლებთან ინტერვიუებმა გამოავლინა, რომ კვლავ პრობლემად რჩება სამართალდამცავი უწყების მხრიდან ეფექტიანი რეაგირება, როდესაც მსხვერპლი თავს იკავებს ძალადობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებისგან ან/და აქვს გამოძიების დაწყებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება;
• სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ ბრალდების მხარე ძირითადად ითხოვს აღკვეთის ღონისძიების მკაცრი სახის გამოყენებას. კერძოდ, 131 საქმიდან ბრალდების მხარემ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა 115 (88%) შემთხვევაში, დანარჩენ 16 (12%) შემთხვევაში კი _ გირაო. მიუხედავად ამისა, პროკურატურის შუამდგომლობების გარკვეული ნაწილი (131-დან 27 (21%)) იყო მხოლოდ ფორმალურად და შაბლონურად დასაბუთებული და არ იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული;
• სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ 2018 წელს კიდევ უფრო გამკაცრდა პროკურატურის პოლიტიკა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ნაწილში. კერძოდ, 2017 წელს შესწავლილი 54 განჩინებიდან 12 (22%) შემთხვევაში მოითხოვა პროკურატურამ გირაო, ხოლო 2018 წელს _ 77 საქმიდან მხოლოდ 4 (5%) შემთხვევაში;
• სასამართლო განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ მიუხედავად ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებული მკაცრი პოლიტიკისა, სსკ-ის 111 (140) მუხლით ბრალდებულ ყველა პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიანი პირობებით;
სასამართლოს მიდგომა
• სასამართლო განჩინებების შესწავლამ აჩვენა, რომ მოსამართლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა (36%) გამოიყენა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად მოძალადეების მიმართ დამატებითი ვალდებულებები, როგორიცაა მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვა, კომუნიკაციის შეზღუდვა და სხვა;
• პროკურორებსა და მოსამართლეებთან ინტერვიუებმა, ასევე, სასამართლო განაჩენების გაანალიზებამ აჩვენა, რომ პრობლემაა სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის შეცვლა ან/და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რასაც ხშირად ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა მოსდევს;
• ინტერვიუებმა ცხადყო, რომ მოსამართლეთა ცალკეულ ნაწილში დაბალი მგრძნობელობა და გენდერული თანასწორობის საკითხების არასაკმარისი ცოდნა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მოსამართლეებთან ჩატარებულმა ინტერვიუებმა და განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ გამოკითხულ მოსამართლეთა სრული უმრავლესობა საქმეებში ვერ ხედავს გენდერულ მოტივს და მიუთითებს, რომ ძალადობა ძირითადად ყოფითი საკითხებიდან გამომდინარე ხდება;
• სასამართლო განჩინებების ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სასამართლოს მიერ დაუსაბუთებელი ან/და არასაკმარისად დასაბუთებულია 131-დან 43 (33%) განჩინება. განჩინებებში არ იკითხება სასამართლოს მოტივაცია აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის გამოყენებასთან დაკავშირებით; ასევე, დაუსაბუთებელია განჩინებები გირაოს შეფარდების თაობაზე, როდესაც სასამართლოს არ აქვს შესწავლილი ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობა;
• სასამართლოს განაჩენების ანალიზმა აჩვენა, რომ არ ხდება სასჯელის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე სრულყოფილი მსჯელობა. შესწავლილი 233 განაჩენიდან 30 საქმეზე ქმედება სსკ-ის მე-111 მუხლით (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის) იყო დაკვალიფიცირებული, თუმცა, სასამართლომ მხოლოდ ერთ მათგანზე გამოიყენა სსკ-ის 531 -ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება _ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ;
• სასამართლო განაჩენების ანალიზმა ცხადყო, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია ოჯახურ დანაშაულებსა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, 2017 წელს 98 გამამტყუნებელი განაჩენიდან 36 (37%) შემთხვევაში ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მაშინ როდესაც 2018 წელს საპროცესო შეთანხმება 124-დან მხოლოდ 17 (14%) შემთხვევაში გაფორმდა. აღნიშნული მაჩვენებელი ოჯახური დანაშაულების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრებაზე მიანიშნებს.