თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიკროავტობუსებმა შესაძლოა, აღარ იმოძრაონ. ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის მიკროავტობუსების კომპანიასთან კონტრაქტი გადაიხედება.
ხმალაძე მიიჩნევს, რომ სამარშრუტო ტაქსებმა შიდასაუბნო არეალებში უნდა გადაინაცვლოს და მეორეხარისხოვანი ქუჩები ცენტრალურ გამზირებს დააკავშიროს.
„აუცილებლად გადაიხედება კონტრაქტი. რადგან ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე და ეს გარდაუვალი პროცესია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. ეს ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და ინტეგრირდება ძირითად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელთან. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს.
მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან - მეტროსა და ავტობუსებთან დამაკავშირებელი საშუალება, სავარაუდოდ, ეს იმას გაითვალისწინებს, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდა საუბნო არეალებში გადავა.
ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია. დღეს თარიღებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ვცდილობთ უმოკლეს დროში განახლდეს - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.