სოციალური მუშაკების გაფიცვა შესაძლოა, ხვალ დასრულდეს. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეთანხმებას მიაღწიეს. სერგეენკოს თქმით, ისინი პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
„უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამ შეთანხმებას ფორმალიზებული დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე.
თუმცა, აქ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო მათგან, მე ვფიქრობ, არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი და ხვალიდან ალბათ შეყწდება გაფიცვა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოს თქმით, მათ მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით სოცმუშაკების პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდება. ხელფასების გაზრდა, მინისტრის თქმით, 2020 წლამდე შეუძლებელია, თუმცა სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა, რომ შეამციროს დასაქმებულთა სხვა ხარჯები.
მაგალითად, დაწყებულია ავტომობილების დამატება სერვისცენტრებში და სამინსიტროს გეგმა სოციალური მუშაკებისთვის მისაღები აღმოჩნდა.