პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით გუშინ, 27 მარტს დაკავებული მოზარდის ადვოკატი ლევან დავითაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოკადრები Youtube-ზე Like-ების დასაგროვებლად ატვირთა.
„საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი ან სხვა რაიმე მიზანი არ ჰქონია", - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, დაკავებულს შეტყობინების სახით მიუვიდა აღნიშნული ვიდეოფირები და ამ ვიდეოს გამგზავნი ერთი და იგივე პიროვნებაა, როგორც მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ასევე სხვა დაკავებულებთან შემთხვევაში.
„ამას ედავება ამჯერადაც პროკურატურა, რომ მან ნახა ეს შეტყობინება და შესაბამისი ფორმით არ გააკეთა განაცხადი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი 18 წლისაა, რთულია, მას მოეთხოვებოდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება იმ თემატიკის ირგვლივ, რომელსაც შესაძლოა ვერც აღიქვამდეს დანაშაულებრივად", - ამბობს ადვოკატი.