შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის
განჩინებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით.
შ.მ. და რ.ა. ერთმანეთს, შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ.მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დანარჩენი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს," - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.