მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის თქმით, იმის გამო, რომ მასზე თავდასხმისთვის გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა არ დატოვა, იძულებულია, სპორტული კარიერა უცხოეთში გააგრძელოს.
მოჭიდავე Facebook-ზე წერს, რომ 23 თებერვალს პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო და გეგეშიძის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა. უარის შემდეგ კი ითხოვა, მიეცათ უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა, რათა 27 წლის ასაკში კარიერა არ დაესრულებინა.
მოჭიდავემ ფედერაციიდან ამ გადაწყვეტილებისთვის თანხმობა ვერ მიიღო, თვითნებურად წასვლის შემთხვევაში კი სანქციის გამოყენებით და სპორტული კარიერის ორი წლით შეწყვეტით დაემუქრნენ.
დათუნაშვილი აპირებს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართოს, რომ ეს სანქცია აირიდოს.
„ფედერაციისგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.
არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა.
მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია, ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე - იძულებული გამხადეს, კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო“, - წერს დათუნაშვილი.
ჩემპიონი პრეზიდენტის წინააღმდეგ - არაჯანსაღი კონკურენცია და შესაძლო კორუფცია
მოჭიდავე წერს, რომ ფედერაციაში ნეპოტიზმი, კორუფცია და არაჯანსაღი გარემოა, ამაზე პროტესტის გამო კი მისი შევიწროება დაიწყეს. ავიწროებენ მის მხარდამჭერ სპორტსმენებსა და მწვრთნელებსაც. ხოლო პრეზიდენტი გეგეშიძე ხელშეუხებელი აღმოჩნდა და ხელისუფლება ყველაფერს აპატიებს.
დათუნაშვილის თქმით, ასეთი სიტუაცია სხვა სპორტსმენებს აიძულებს, არ დაუჭირონ მხარი მის ბრძოლას ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.
სპორტსმენებს კი, რომლებმაც გეგეშიძეს მხარი შეგნებულად დაუჭირეს, აკრიტიკებს. რადგან ისინი „სიჩუმეს ე.წ. „ძველბიჭური“ მენტალიტეტით ხსნიდნენ. რეალურად კი დადგნენ უღირსი პოლიციელის გვერდით, რომელიც ადამიანების ცემაში ფულს იღებს და ამით საქვეყნოდ ცნობილია. ასეთ საქციელს ჰქვია ვირთხობა და არა „ძველბიჭობა“. მე კი პატივს სიმართლის მთქმელ ადამიანებს ვცემ და არა სისტემის ვირთხებს“, - წერს Facebook-ზე დათუნაშვილი.
„ახლა კიდევ უფრო გასაგები ხდება სხვა სპორტსმენების დუმილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე არის ხელშეუხებელი და რაც არ უნდა ჩაიდინოს, მას პასუხისგება არ უწევს.
როგორც მე დავდექი იმის წინაშე, რომ იძულებული ვარ კარიერა დავასრულო, ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დადგებოდნენ სხვებიც. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ვინც ჩემ გვერდით არის, ფედერაციამ მათთან ანგარიშწორება უკვე დაიწყო, მაგალითად მწვრთნელ ზურა შელიას მოუხსნეს ხელფასი.
ასევე მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფედერაცია მუდმივად აცხადებდა, რომ ნაკრებთან ვარჯიში გამეგრძელებინა და რომ ყველანაირი პირობა შემექმნებოდა, ამის პარალელურად მეც მომიხსნეს ხელფასი.
რეალურად, მას შემდეგ რაც ზემდგომი პირების მიერ არაჯანსაღი გარემოს შექმნაზე, კორუფციასა და ნეპოტიზმზე საუბარი დავიწყე, ჩემ მიმართ სხვადასხვა მეთოდით ბრძოლა დაიწყეს და პრობლემების შექმნას ყველანაირად ცდილობდნენ. ამის ფონზე კიდევ უფრო მეტად მესმის იმ ბიჭების, რომლებმაც საკუთარი კარიერის გადარჩენის გამო არჩიეს სიჩუმე“, - ნათქვამია დათუნაშვილის განცხადებაში.
დათუნაშვილის თქმით, ის იძულებულია ქვეყნიდან წავიდეს, მაგრამ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
„ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა შევწყვიტე. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი სიმართლეა და სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის გავაგრძელებ ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელებასთან ბრძოლას, რომელმაც შექმნა არაჯანსაღი კონკურენტული გარემო და ფედერაცია აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ“, - წერს დათუნაშვილი.