
თურქეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი - „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) დედაქალაქში დამარცხდა.
ანკარაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტიამ მისი მმართველობისას პირველად წააგო. სახელმწიფო სიანფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ თურქეთის დედაქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, მანსურ იავასმა ხმების 50.89% მიიღო, AKP-ის კანდიდატმა კი ხმების 47.06% მოაგროვა.
ვითარება დაძაბულია ქვეყნის უდიდეს ქალაქ სტამბოლში, სადაც ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ დაახლოებით თანაბარი შედეგები აჩვენეს და ორივე ძალამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
AKP-ის მერობის კანდიდატის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, მათ ოპოზიცია მცირე სხვაობით, დაახლოებით 4 000 ამომრჩევლის ხმით დაამარცხეს.
ოპოზიციის კანდიდატი ეკრემ იმანოღლუ კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი თქმით, მმართველ გუნდს 28 000 ხმით მოუგეს. „მინდა, მადლობა გადავუხადო სტამბოლის მცხოვრებთ და მთელ თურქეთს, რადგან, ჩვენი მონაცემებით, სტამბოლში გავიმარჯვეთ“, - განაცხადა იმანოღლუმ.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ არჩევნებს ერდოღანის პოპულარობის „რეფერენდუმი“ უწოდეს. თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის სათავეში 16 წლის წინ მოვიდა და დროთა განმავლობაში ძალაუფლება კიდევ უფრო გაიმყარა.
თუმცა კონსერვატორი პრეზიდენტის ძალაუფლება და პოპულარობა ეკონომიკურ წარმატებას ეფუძნებოდა. ბოლო ხანებში კი ქვეყნის ეკონომიკამ სტაგნაცია დაიწყო.
როგორც ჩანს, ლირის გაუფასურებამ, გაზრდილმა ინფლაციამ და ფასებმა მუნიციპალურ არჩევნებში ისლამსა და კონსერვატულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ AKP-ს შედეგებზე გავლენა მოახდინა.
პრეზიდენტმა ანკარაში დამარცხება აღიარა და არც სტამბოლის წაგება გამორიცხა. „თუ რამე პრობლემები გაჩნდა, ჩვენი მოვალეობაა, ისინი გამოვასწოროთ“, - მიმართა ერდოღანმა ანაკარაში შეკრებილ მხარდამჭერებს.
„რაც შეეხება, სტამბოლს, ზოგიერთ რაიონში ჩვენი პარტია ლიდერობს, სხვებში კი თანაბარი შედეგები გვაქვს. ეს რას ნიშნავს? მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მუნიციპალიტეტი დავთმოთ, ხალხმა ზოგიერთი რაიონი მაინც ჩვენ მოგვცა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მთელი ქვეყნის მონაცემებით, მაინც მმართველი პარტია ლიდერობს. AKP-მა ხმების დაახლოებით 48% მოაგროვა. მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ სეკულარულმა „თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ კი 31%-მდე მოაგროვა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების თქმით, წინასაარჩევნოდ თურქეთში მთელი რიგი დარღვევები იყო. წინასაარჩევნო კამპანიისას ერდოღანი და ოპოზიცია არათანაბარ პირობებში იყვნენ. ხელისუფლებამ პოზიციების გასამტკიცებლად ადმინისტრაციული რესურსი და მედიაზე მოპოვებული გავლენა გამოიყენა.
არჩევნებს ბევრ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადა პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს.