„არ მიმაჩნია, რომ შრომის უსაფრთხოების არ დაცვა არის ძირითადი პრობლემა, რომლითაც ხდება ტრავმატიზება და სიკვდილიანობა", - უთხრა „ლიბერალს" ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ შრომის უსაფრთხოების შესახებ საუბრისას.
ზოიძე შრომის ინსპექციისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებას პრობლემურად მიიჩნევს.
„თუ კიდე ერთი პასუხისმგებლობა მივანიჭეთ შრომის ინსპექციას, რომელსაც, რაც აქამდე პასუხისმგებლობები აქვს იმას ვერ უმკლავდება ინსტიტუციურად, არ მგონია სწორი. დისკრედიტაცია მოხდება კანონისაც და მთელი ამ პროცესისასც. კანონის აღსრულება უნდა მოხდეს, ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ყველა იმ სტანდარტს ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების, რაც აუცილებელი იყო. მათ შორის არის შრომის ინსპექციის აღჭურვა იმ უფლებებით, რომლითაც თავიდან უნდა ავიცილოთ ტრავმატიზება და სიკვდილიანობა შრომის დროს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა. ნულიდან დავიწყეთ ამის შენება და ვაშენებთ დღესაც, მაგრამ ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის კანონის აღსრულება", - აცხადებს აკაკი ზოიძე.
აკაკი ზოიძე გამოსავალს შემდეგ გარემოებაში ხედავს: „ერთი, რომ თვითონ კულტურა უნდა იყოს შექმნილი ამ აღსრულების, რომ თითოეული საწარმო იყოს სასიცოცხლოდ დაინტერესებული, დაიცვას შრომის სტანდარტები. უფრო ძვირი უნდა დაუჯდეს მას უსაფრთხოების დაუცველობა, ვიდრე დაცვა. ასევე, თავად მოქალაქეებიც მოწადინებულები უნდა იყვნენ, რომ დაიცვან უსაფრთხოების სტანდარტები. კეთილგონიერებაზე კანონს ვერ მიიღებ. თუ ადამიანმა არ დაიცვა უსაფრთხოების სტანდარტი, მაშინ კაპიკია კანონის ფასი. ხოლო თუ დამსაქმებლის ბრალეულობაა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. პრევენციის საშუალებაა, როდესაც სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც უმკაცრესად აგებინებს პასუხს პასუხისმგებელ პირებს".
31 მარტს ჭავჭავაძის #5-ში მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა.