ამ წუთებში ჭავჭავაძის #5-ში აქციის მოაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები აპირებდნენ სავალი გზის დაკავებას, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეები ამტვრევენ ბანერებსა და კედელს, რომელიც იყო განთავსებული ჭავჭავაძის #5-ში, მშენებლობის ობიექტთან.
„ლიბერალის" კორესპონდენტის თქმით, დაკავებულია დავით სუბელიანი, ვახუშტი მენაბდე და აქციის სხვა ორი მონაწილე.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა შსს-ს, თუმცა მათ ამ დროისთვის დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭავჭავაძის #5-თან, სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების წარმოებისას ჩამოიშალა მიწა და შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 მუშა.
შრომითი უსაფრთხოების გამკაცრების მოთხოვნით დღეს დაიგეგმა აქცია კანცელარიასთან. აქციის მონაწილეები კანცელარიიდან ჭავჭავაძის მიმართულებით მსვლელობით გაემართნენ. ისინი აცხადებენ, რომ 11 საათამდე აძლევენ ხელისუფლებას დროს.
ითხოვენ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, პრემიერ მამუკა ბახტაძისთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, თუ როგორ ესახებათ არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დედალაქალაქის მერი, კახა კალაძე მზადაა რამდენიმეკაციან ჯგუფს შეხვდეს უახლოესს დღეებში.