პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საპატრიარქოს წერილით მიმართავს. პარტიაში ამბობენ, რომ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა დოკუმენტის ასლი, რომლიდანაც ირკვევა, რომ 1983 წლის 28 ივლისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, შესაძლოა მიმართა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულს საქართველოს სსრ-ში, ვინმე გივი შალვას ძე მაისურაძეს, შემდეგი შინაარსის ტექსტით:
„მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილი დეპეშის ასლს.
გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად.
დანართი: დეპეშის ასლი.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”
პარტიაში ახადებენ, რომ აგრეთვე, არსებობს მეორე დოკუმენტის ასლის ციფრული ვერსია, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საბჭოთა სუკის თანამშრომლის, 1933 წელს დაბადებული ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის ბარათს, ზედმეტსახელით "ივერიელი".
„დადასტურებული ფაქტია, რომ რელიგიური ორგანიზაციები საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდნენ ტოტალიტარული სისტემის განუყოფელ ნაწილს და საბჭოთა სუკი მათ იყენებდა საკუთარი ვერაგი მიზნებისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რამდენიმე მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა საჯაროდ აღიარა, რომ იგი თანამშრომლობდა ბოროტების იმპერიის სპეცსამსახურებთან. მორჩილება და თანამშრომლობა იმ ჯოჯოხეთურ პერიოდში ნორმას წარმოადგენდა, რადგან, სხვა შემთხვევაში, ნებისმიერს კათოლიკოს ამბროსი ხელაიას ბედი ელოდა.
ჩვენი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე ქართული ეკლესიის, მათ შორის, კონკრეტულად მისი წინამძღოლისა და საბჭოთა სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ. დასამალი არაფერია და დიდი ხანია დროა, არსებულ კითხვებს გაეცეს პასუხები. მეტიც, დროში გაჭიმული დუმილი პირიქით, უფრო მეტ კითხვებს აჩენს და ჩრდილს აყენებს ეკლესიის რეპუტაციას.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლზე დაყრდნობით, საბჭოთა პერიოდში ეკლესიისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ საქართველოს სახელმწიფო ყოველწლიურად გადასცემს ეკლესიას როგორც საბიუჯეტო სახსრებს, ისე ქონებას. ჯამში, საუბარია ასობით მილიონზე. მინიმუმ უცნაური იქნება, თუ გაირკვევა, რომ დღევანდელი გადასახადის გადამხდელები საკუთარი შრომით შექმნილი დოვლათის ნაწილს იძულების წესით უხდიან ინსტიტუტს, რომელიც მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების მონური ყოფის შემოქმედი სისტემის განუყოფელი ნაწილი იყო, "- ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც „გირჩი“ საპატრიარქოს მიმართავს.