„თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე", - „სოლიდარობის ქსელი" თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.
მათი თქმით, კახა კალაძე მათ მოიხსენიებს ახალგაზრდების ჯგუფად და ამით ცდილობს, გადაფაროს ის შინაარსი და საფუძველი, რაც რეალურად ჰქონდა აქციას.
„აღნიშნული აქცია ორგანიზებული იყო დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „სოლიდარობის ქსელი“ მიერ. შესაბამისად განვითარებულ მოვლენებს და ქვეყანაში არსებულ მომაკვდინებელ სამუშაო პირობებს პირველ რიგში სწორედ დასაქმებულები აპროტესტებდნენ. ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად არიან საფრთხის ქვეშ სამუშაო ადგილებზე და რომლებიც მინიმალური ანაზღაურების ნაცვლად ფაქტობრივად სწირავენ სიცოცხლეს.
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვაპროტესტებთ, როგორც დღევანდელი ისე წინამორბედი ხელისუფლების მიერ შემუშავებულ შრომის პოლიტიკას, კანონმდებლობას და მის აღუსრულებლობას. დასაქმებულების მიერ შექმნილი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „სოლიდარობის ქსელი“ აქტიურად მუშაობს საქართველოში მშრომელთა არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.
აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, სოლიდარობის ქსელმა, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ.
თბილისის მერის განცხადება გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ იგი და მასთან ერთად ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეგნებულად, სხვადასხვა მიზეზის გამოგონებით თავს არიდებენ მშრომელებთან პირდაპირ შეხვედრასა და შინაარსობრივ მსჯელობას არსებულ პრობლემებზე", - ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის" განცხადებაში.