საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის საქმეები მისი მთავრობის შეცდომა იყო. თუმცა, სააკაშვილის თქმით, მათი მკვლელობის პირადაპირ პრეზიდენტზე დაბრალება მისთვის მიუღებელია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ ერეოდა სამართლდამცავი სტრუქტურების მუშაობაში და ამ საქმეებზეც გვიან შეიტყო. თუმცა, შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებას აპირებდა და გადააფიქრებინეს.
„ვანოს გადაყენება იყო შეცდომა. მე ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და მითხრა, ასეთი სიტუაციაა და ორ-სამ დღიანი ფიქრის შემდეგ ჩემ თავზე ავიღე დარტყმა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტის თქმით, გირგვლიანის საქმე შემდეგ „ძალიან გაბერეს“. როცა, მისი მოკვლიდან ძალიან მალე დამნაშავეები დააპატიმრეს.
„ეს ხალხი დააპატიმრეს. გირგვლიანის საქმე გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო, ის ხალხი დაიჭირეს ძალიან მალე. სატელეფონო ანძების გადაჭერით იპოვეს ყველა და ამას ვერ გააყალბებდი“, - თქვა სააკაშვილმა. ხოლო გვარამიას კითხვაზე, თუ რატომ შეიწყალა მოგვიანებით მკვლელები, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ისინი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.
რაც შეეხება ბუტა რობაქიძის საქმეს, მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ყველა ქვეყანაში ხდება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. „ძალიან ხშირად ხდება, რომ პოლიცია ჩაუდებს ხოლმე იარაღს. პენსილვანიაში ყოველ კვირა აუპატიურებენ პატიმრებს“, - თქვა სააკაშვილმა.